ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო განხილვის პროცესში დაზარალებულის უფლებების შეზღუდვის, პროცესის გაუმჭვირვალობისა და გამოძიების შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა და ეს კადრები, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.
2026 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა გურამ როგავაზე თავდასხმის საქმის განხილვა და ბრალდებულ გურამ კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ეს განაჩენი და საქმის განხილვის გარემოებები ვერ პასუხობს დაზარალებულის მიერ გამოთქმულ საფუძვლიან კითხვებს თავდამსხმელის იდენტიფიცირების, გამოძიების სანდოობისა და მართლმსაჯულების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ.
გურამ როგავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი პოზიცია და სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მიყენებული ზიანის შესახებ. ჟურნალისტის განმარტებით, მას სასამართლო სხდომებზე დასწრება აეკრძალა იმ მოტივით, რომ სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვა დასრულდა დაზარალებულის სასამართლოში გამოკითხვის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სტატუსი არ უნდა იყოს ფორმალური და მას უნდა ახლდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების ეფექტიანი შესაძლებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი დაზარალებულს ანიჭებს უფლებას, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. ამ უფლების პრაქტიკული უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ საქმეებში, სადაც დაზარალებული თავად აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების შედეგებს.
ამასთან, სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში წარმართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე, მოითხოვს განსაკუთრებულად მკაფიო და დასაბუთებულ სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლო განხილვის საჯაროობის შეზღუდვა არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი კონტროლის გამორიცხვისა და მართლმსაჯულების პროცესის გაუმჭვირვალობის ინსტრუმენტად.
გურამ როგავა საჯაროდ აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობის უშუალო ჩამდენი პირი კვლავ თავისუფალია. ჟურნალისტი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებული პირის იდენტიფიცირების სისწორეს და მიუთითებს შესაძლო არაფორმალურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც, მისი ვარაუდით, პასუხისმგებლობა სხვა პირმა აიღო. ამ ვარაუდის სიმძიმის გათვალისწინებით, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი გარემოებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება.
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის მასშტაბების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ გურამ როგავას საქმე არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გამოძიების არსებული შედეგები ვერ პასუხობს საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი ძალადობის სისტემურ ხასიათს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა მოქმედებები, არამედ ძალადობის დაგეგმვის, ორგანიზების, შესაბამისი ბრძანებების გაცემისა და მათი აღსრულების კონტროლის შესაძლო ფაქტებიც. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესაძლო პასუხისმგებლობა, მათ შორის იმ პირებისა, რომელთაც ძალადობის აღკვეთისა და მასზე სათანადო რეაგირების ვალდებულება ეკისრებოდათ. ამასთან, ყურადღებას იმსახურებს დანაშაულთა სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც. მძიმე ფიზიკური ძალადობის, შესაძლო წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით შეფასებამ შესაძლოა ვერ ასახოს ჩადენილი ქმედებების სრული სიმძიმე და ხელი შეუშალოს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.
ეფექტიანი გამოძიება უნდა უზრუნველყოფდეს მომხდარის სრული გარემოებების დადგენას, პასუხისმგებლობის ყველა შესაძლო რგოლის გამოვლენასა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულებაზე რეალურ ხელმისაწვდომობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება არასათანადო მოპყრობის შესახებ დასაბუთებული ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება. ჟურნალისტის მიმართ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ძალადობის ფაქტი დამატებით წარმოშობს კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი თავდასხმის ფაქტიდან მოყოლებული იცავს გურამ როგავას სამართლებრივ ინტერესებს. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლოს მიუკერძოებელ და სამართლიან გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი