განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე

20.10.2026
ფონტის ზომა

ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც იგი პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის დარღვევას - პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა მიმდინარე წელს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო ვახო სანაიას მიმართ შსს ადმინისტრაციულ დევნას იწყებს. მანამდე, ანალოგიური საფუძვლით, ჟურნალისტს უკვე შეეფარდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და დაეკისრა 6000-ლარიანი ჯარიმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიმდინარე სისტემატური დევნა, მისი დაჯარიმება და დაპატიმრება სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტების გამო, წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ დარღვევას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენელს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკოსებისა და საჯარო თანამდებობის პირების მიმართ თმენის ვალდებულების ზღვარი გაცილებით მაღალია, ვიდრე რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში. დაუშვებელია, პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკა ან მათ მიმართ გამოყენებული თუნდაც მწვავე და პროვოკაციული ლექსიკა ხდებოდეს ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვუს საფუძველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს ქმედებები, ისევე როგორც ასკ-ის 173¹⁶-ე მუხლის რეპრესიული გამოყენება, ატარებს აშკარა „მსუსხავ ეფექტს“. ამგვარი პრაქტიკის მიზანია არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის გაჩუმება, არამედ საზოგადოების დაშინება, ცენზურის დაწესება და ქვეყანაში კრიტიკული აზრის გამოხატვის სრული შეზღუდვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს:

იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, გააუქმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი და არაპროპორციული გადაწყვეტილება ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი.

საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს გამოხატვის თავისუფლების უპირატესი ინტერესით და არ დაუშვას პოლიტიკოსთა ე.წ. „შეურაცხყოფის“ მოტივით თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეწყვიტოს სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა და ჟურნალისტთა გამოხატვის კონტროლი და კრიტიკული პოსტების გამო პირთა მიმართ მუდმივი ადმინისტრაციული დევნის ინიციირების ანტიდემოკრატიული პრაქტიკა.

საქართველოს პარლამენტს:

გააუქმოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებული რეპრესიული 173¹⁶-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ გამოთქმული სიტყვიერი შეფასებების გამო პირის დასჯას ითვალისწინებს, რათა გამოირიცხოს კანონმდებლობის პოლიტიკური ცენზურის ინსტრუმენტად გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

განცხადებები