
2026 წლის 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი ფესტივალი „კამარა“, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, ორგანიზატორებმა გადადეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. ღონისძიების გაუქმებას წინ უძღოდა მმართველი პოლიტიკური გუნდისა და სამთავრობო მედიის მხრიდან კოორდინირებული, მიზანმიმართული შეტევა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილე ხელოვანებზე, კერძოდ, მუსიკოს კორძზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს საქართველოში ევროკავშირის საელჩოს შეშფოთებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისა და სამთავრობო მედიის ქმედებები წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების (კონვენციის მე-10 მუხლი) და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) უხეშ დარღვევას. ხელოვანთა მიმართ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“, რომლის მიზანია დამოუკიდებელი კულტურული სივრცეების, ხელოვანებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათთვის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ გორში დამოუკიდებელი კულტურული და სამოქალაქო სივრცეების წინააღმდეგ მიმართული აგრესია პირველი შემთხვევა არ არის. საზოგადოებას კარგად ახსოვს ადგილობრივ სამოქალაქო სივრცეზე - „არტ ჰაუსზე“ განხორციელებული თავდასხმები, რაც გამოიხატა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვით. მოგვიანებით, გორის მერიამ, პოლიტიკური მოტივებით, „არტ ჰაუსში“ მოწყობილი ინსტალაციის გამო, დაიწყო სივრციდან ორგანიზაციის გამოსახლების პროცესი. ეს ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ პოლიტიკას, ჩაახშოს ნებისმიერი ალტერნატიული, კრიტიკული თუ თავისუფალი შემოქმედებითი აზრი.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა თუ იდეებზე, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება ან უწყინარად მიიჩნევა, არამედ იმათზეც, რომლებიც შეურაცხყოფს, აშფოთებს ან აღელვებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რაიმე ნაწილს. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვისთვის, ნაცვლად იმისა, რომ თავად ახალისებდეს ან მონაწილეობდეს ხელოვანთა დევნაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას:
• შეწყვიტოს ხელოვანების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცეების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა, ბულინგი და დისკრედიტაცია;
• უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ქვეყანაში შემოქმედებითი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
• პატივი სცეს ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების ძალისხმევას საქართველოში კულტურული სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი