სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სასამართლოს მანდატურების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით

24.07.2025
ფონტის ზომა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესები ხმაურით მიმდინარეობს. ამის მიზეზი ხშირად არის სასამართლოს მანდატურების მხრიდან პროცესზე დამსწრე სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა. განსაკუთრებით იმატა დაძაბულობამ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში ვიდეოგადაღება აკრძალა.

 2025 წლის 22 ივლისს სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა სასამართლოს დერეფანში სკამზე ჯდომისთვის სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა პოლიტიკური მოძრაობა „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს. იმავე პირმა ინციდენტის გადაღების გამო „პუბლიკის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს ტელეფონი წაართვა და მანდატურების ოთახში შეათრია, სადაც პირადობის მოწმობა ჩამოართვა და კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სასამართლოს მანდატურს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღიც კი, მაგრამ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება. ამასთან,  სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, ეს 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახური და მისი თანამშრომლები სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურ ძალას იყენებენ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საფრთხის ხასიათის შეუსაბამოდ. ამასთან, ისინი აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ზემოაღნიშნულ პირებს, ხოლო შეურაცხყოფაზე პასუხის მიღების შემდეგ გადადიან ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მანდატურების ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა მაგალითად სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიება კანონდამრღვევი მანდატურების წინააღმდეგ კი არა, დაზარალებული პირების მიმართ იწყება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზრუნველყოს სასამართლო მანდატურების მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის, განსაკუთრებით კი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების განუხრელად დაცვა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, გამოიყენენონ ფიზიკური ძალა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესის დაცვით, საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს როგორც 2025 წლის 22 ივლისის შემთხვევა, ისე ბოლო პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან, განსაკუთრებით კი მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტები, დაიწყოს გამოძიება და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა.


ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები