ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიების მორიგი დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომელიც მიმართულია ევროკავშირის და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ.
9 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო
გამოშვებაში (რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან დაიბლოკა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო) და მათ
ვებ-გვერდზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები უცხო ძალების მიერ სოლიდური თანხებით ფინანსდებიან არეულობის მოსაწყობად. ამავე თემაზე 10 ივლისს სიუჟეტი
მოამზადა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“, რომელმაც სიუჟეტში გააჟღერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიცია ცრუ მონაცემებთან დაკავშირებით. მედიების თქმით, სიუჟეტები ეყრდნობოდა ევროპარლამენტის მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სიებს.
როგორც მითების დეტექტორმაც
განმარტა, „იმედის“ სიუჟეტში დასახელებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ოდენობა არა ორგანიზაციების მიერ რეალურად მიღებულ, არამედ პროექტების საერთო ბიუჯეტს ან ბენეფიციართა ქვეყნებზე გადანაწილებულ მთლიან დაფინანსებას ასახავს. მაგალითად, „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი ევროკავშირისგან 750,000 ევროს დაფინანსებას მიიღებს. რეალურად, პროექტი - „მონიტორინგის და ადვოკატირების შესაძლებლობების ამაღლება უფლებების დასაცავად საქართველოში“ ოთხმა ორგანიზაციამ განახორციელა: ჰერტიეს სკოლამ, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა. მათ შორის, ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის ერთი კომპონენტის განსახორციელებლად ორი წლის განმავლობაში 64 125 ევრო მიიღო. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტი არათუ „არეულობის მოსაწყობად“, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა. ხოლო, კოლოსალური სხვაობა დეზინფორმაციულ ციფრებსა და რეალურ ციფრებს შორის მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებითა და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის სურვილით შეიძლება აიხსნას.
ევროპარლამენტის მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სიებში ადამიანის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთი პროექტია შეტანილი: „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის – ConMeCo“. ამ პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამი ორგანიზაცია ახორციელებდა - დოიჩე ველე აკადემია, მედიის განვითარების ფონდი და ადამიანის უფლებათა ცენტრი. პროექტის მიზანია მედიის თავისუფლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების გაძლიერება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის განმტკიცება. ამ მიზნით, ორი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯამში 123 183 ევრო მიიღო მაშინ, როცა ჯგუფის საიტზე ორგანიზაციის გასწვრივ 798,006.00 ევროა მითითებული.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით სიები გამოქვეყნდა
საიტზე, რომლის შექმნის იდეა „ფიდესის“ - უნგრეთის მემარჯვენე ფრთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტში ერთი წლის წინ ჩამოყალიბებულ Patriots for Europe ჯგუფის წევრს
ეკუთვნის. უნგრეთის მმართველი პარტიის ევროპარლამენტარის განცხადებებზე დაყრდნობით ქართული მედიების მხრიდან სიუჟეტების მომზადება არ არის შემთხვევითი. უფრო კონკრეტულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მმართველი პარტია „ფიდესი“ ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სივრცისა და მედიის თავისუფლების სისტემური შეზღუდვისკენ. ამ პრაქტიკის გამო ევროკავშირმა არაერთი
სანქცია გამოიყენა ორბანის ხელისუფლების მიმართ. მეტიც, ორბანი ხშირად განიხილება,
როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი ევროკავშირის შიგნით. ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ქართული მედიების მხრიდან უნგრელი პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
„ქართული ოცნების“ და მისი პროპაგანდისტული მედიების მიზანი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების შესახებ დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება, საზოგადოების თვალში მათდამი ნდობის შემცირება და ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. ასე რომ არ ყოფილიყო, ისინი დაიცავდნენ საბაზისო ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს, რაც მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. თუმცა, ეს დეზინფორმაციული და პოლიტიკური შეტევა არ არის ცალკეული შემთხვევა, არამედ, ის არის სისტემური პროცესის ნაწილი, რომელიც ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისტემურად და მიზანმიმართულად ატარებს დეზინფორმაციულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ და ამავდროულად ცდილობს საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განწყობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს მუშაობას ღია, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის და მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ ამ ღირებულებების დაცვას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ მედიას - შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია.