სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით

23.06.2025
ფონტის ზომა
2025 წლის 23 ივნისს ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით 
2025 წლის 23 ივნისს ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით. იდენტური შინაარსი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. კომისიაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივად იმდენად საშიშ ქმედებას, რომლისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამართლებული იქნებოდა. ამასთან, ორი სხვადასხვა კანონით კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა ქმნის თვითნებობის მაღალ საფრთხეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია, როგორც ჯარიმა, ისე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არაუმეტეს ერთ წლამდე ვადით. ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა  არის არაპროპორციული, არ შეესაბამება სასჯელის მიზნებსა და ამოცანებს, არ ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სანქციის ყველაზე მსუბუქი სახე და ზომა. 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ჯვებე ნაჭყებიას მიერ ჯაფარიძის დამნაშვედ ცნობა, ამ დანაშაულისათვის მისთვის შეფარდებული 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ტოვებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას, მიმართულია პიროვნების ფიზიკური ტანჯვისა და ღირსების დამცირებისაკენ.
სიახლეები