სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მასობრივ შეზღუდვასთან  დაკავშირებით

12.06.2025
ფონტის ზომა
 
2025 წლის 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თითქმის ერთდროულად დაიბარეს 2025 წლის 12 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით. საქმეები შეეხება მითითებული პირების მიერ სხვადასხვა დროს სოციალურ ქსელში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს (ე.წ. პოსტებს) „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და თანამდებობის პირების მიმართ.

2025 წლის 6 თებერვალს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ დაემატა 173-13 მუხლი, რომელიც სამართადარღვევად აცხადებს პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. სანქციის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა გამოხატვის გამო. ყველას აქვს ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. გამოხატვის თავისუფლება ასევე დაცულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამ უფლებით დაცულია არა მარტო “ინფორმაცია” ან “იდეები”, რომლებიც კეთილმოსურნეა, ანდა აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციები უსამართლო და არაპროპორციულია სამართადარღვევად გამოცხადებულ ქმედებებთან. ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატირმრობა 45 დღემდე ვადით თავისი ბუნებით არის სისხლისსამართლებრივი, შესაბამისად, მისი გამოყენება სამართალდარღვევაში მხილებული პირების მიმართ არღვევს პროპორციულობის პრინციპს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313-ე მუხლის შინაარსი, დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის სახე და ზომა, ქართული ოცნების თანამდებობის პირთა სოციალურ ქსელში გაკეთებული თუნდაც მწვავე შეფასებების გამო სამოქალაქო აქტივისტების, ტელეწამყვანების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თითქმის ერთდროულად დაბარება სასამართლოში და მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართადარღვევის საქმეების წარმოების დაწყება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ და წარმოადგენს, როგორც პასუხისგებაში მიცემული პირების, ისე ზოგადად საქართველოს მოქალაქეების დაშინების მცდელობას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის არცერთი თანამდებობის პირის, მხარდამჭერისა თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მიმართ არ დაწყებულა ადმინისტრაციული სამართადარღვევის საქმე მათ მიერ საჯარო სივრცესა თუ სოციალურ ქსელში გაკეთებული უხამსი გამონათქამების, პირისპირ შეურაცხყოფებისა და მუქარების გამო. ამ კონტექსტში სამართალდარღვევის საქმეების წარმოების დაწყება სამოქალაქო აქტივისტების, ტელეწამყვანების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ემსახურება არასასურველი, მიუღებელი აზრის დასჯასა და ჩახშობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313-ე მუხლით მის წარმოებაში არსებული სამართალდარღვევის საქმეები განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემითა და განუხრელი დაცვით.
სიახლეები