„Observatory - უფლებადამცველების დასაცავად“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტის (OMCT) პარტნიორობით შექმნილი ორგანიზაციაა. Observatory-მ მიიღო ცნობები საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ითხოვს თქვენს დაუყოვნებლივ ჩართულობას.
მიღებული ცნობები:
Observatory-ს აცნობეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მათ შორის FIDH-ის წევრი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის. ალეკო ცქიტიშვილის ბინაში. ცენტრი არის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის დამფუძნელებელი წევრი ორგანიზაცია.
2025 წლის 29 აპრილს, დილით, ალეკო ცქიტიშვილი გააჩერეს თბილისში მის სახლთან ახლოს და გაჩხრიკეს პროკურატურის თანამშრომლებმა. შემდეგ, ჩხრეკა გაგრძელდა მის ბინაში, საიდანაც ალეკო ცქიტიშვილის სამუშაო კომპიუტერი, ტელეფონი და მეხსიერების ბარათები, ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრთან დაკავშირებული ჩანაწერები, იურიდიული დოკუმენტები და სხვა ნივთები ამოიღეს. პარალელურად, ჩხრეკა განხორციელდა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების, ორსული სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის და მარიამ გეგუჩაძის სახლებში; „სირცხვილიას“ ამჟამად შეჩერებული აქვს საქმიანობა. პროკურატურის თანამშრომლებმა ასევე გაჩხრიკეს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ბინა, ფონდ „პროსპერითი საქართველოს“ წარმომადგენლის, ლაშა არველაძის და ფონდის „ერთმანეთისთვის 24/7“ დამფუძნებლის, გუგა ხელაიას სახლებიც.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკის ნებართვა გასცა თბილისის საქალაქო სასამართლომ და მისი მიზანი იყო „საბოტაჟის“, „უცხოური მხარდაჭერის და მტრულ საქმიანობაში დახმარების“, ასევე „კონსტიტუციური წესრიგის და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებისთვის თანხების მობილიზაციის“ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე, 219-ე და 321-ე მუხლები). 2025 წლის მარტში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს 5 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, მოძრაობა „სირცხვილია“, ნანუკას ფონდი, ფროსფერითი საქართველო და ფონდი ერთმანეთისთვის 24/7) საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებისთვის გაწეული ფინანსური და იურიდიული დახმარების შესწავლის მიზნით. აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.
საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, არასამართლიან საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევის შემდეგ, განაცხადა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. მაშინ, როცა საპროტესტო აქციები ინარჩუნებდა მშვიდობიან ხასიათს, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს მასების დასარბევად; ასევე, დაკავებულების ტრანსპორტირების დროს იყენებდნენ გადაჭარბებულ ძალას და არასათანადო მოპყრობას, რის შედეგადაც პროტესტის უამრავმა მონაწილემ მიიღო დაზიანება, ხოლო 480-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ დააკავეს; ზოგიერთი დაზიანება უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სავარაუდო წამებას.
Observatory ღრმა შეშფოთებით აცხადებს, რომ გამოძიების სამიზნე ხუთი ორგანიზაცია უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა პროტესტის მონაწილეებს, ეხმარებოდა მათ ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში, უწევდა იურიდიულ დახმარებას და სასამართლოში წარმომადგენლობას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
Observatory მკაცრად გმობს სასამართლო შევიწროებას, მათ შორის უფლებადამცველების და აქტივისტების მიმართ ჩატარებულ ჩხრეკის პროცედურებს, რომელთა მიზანია დასაჯონ ისინი და მოახდინონ პოლიციის ძალადობის მსხვერპლების და უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების მხარდასაჭერად განხორციელებული მათი ლეგიტიმური უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზაცია.
Observatory ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გამოძიება და უპირობოდ მოხსნას ყადაღა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, მოძრაობა „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე და ნებისმიერ გარემოებაში პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ გაერთიანების თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
მოვითხოვთ შემდეგ ქმედებებს:
გთხოვთ, წერილობით მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას:
• ნებისმიერ გარემოებაში უზრუნველყონ ალეკო ცქიტიშვილის და საქართველოში ყველა უფლებადამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა და კეთილდღეობა;
• დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შევიწროების ყველა ფორმა - მათ შორის სასამართლო შევიწროება ალეკო ცქიტიშვილის მიმართ და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან, მოძრაობა „სირცხვილიასთან“ აფილირებული და ყველა ქართველი უფლებადამცველის და ორგანიზაციის მიმართ შევიწროება;
• დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხსნან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, მოძრაობა „სირცხვილიას,“ ნანუკას ფონდის, „პროსპერითი საქართველოს“ და ფონდი „ერთმანეთისთვის 24/7“-ს საბანკო ანგარიშებს ყადაღა;
• ყველა გარემოებაში პატივი სცენ შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლით.
ადრესატები:
• ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი;
• ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
• გიორგი გაბიტაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი;
• შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე;
• ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი;
• საქართველოს მუდმივმოქმედი მისია გაეროში, ჟენევა;
• საქართველოს საელჩო ბელგიაში, ლუქსემბურგში და საქართველოს მისია ევროპის კავშირში;
ასევე, გთხოვთ, მიმართეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თქვენს შესაბამის ქვეყნებში.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენს მიერ აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედების შესახებ.
Observatory უფლებადამცველების დასაცავად (the Observatory) შეიქმნა 1997 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტის (OMCT) მიერ. პროგრამის მიზანია შეწყდეს ან მხარდაჭერის მიზნით ჩაერთოს სიტუაციებში, სადაც უფლებადამცველები ხდებიან რეპრესიის მსხვერპლი. ფედერაცია და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტი არიან ProtectDefenders.eu-ს, ევროპის კავშირის უფლებადამცველთა მექანიზმის წევრები, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება.