სიახლეები

საერთაშორისო ადვოკატირება - ვიზიტი სტრასბურგში

15.02.2024
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშების წარდგენა საერთაშორისო ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების წინაშე. ტრადიციულად, ასეთი საერთაშორისო ადვოკატირება ხორციელდება მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ასევე -  ორგანიზაციის საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. 

22-25 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგში დაესწრო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას. შემდგომ კი იგი შეხვდა საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, მათ შორის - ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის,  ევროპის სახალხო პარტიის, ევროპული გაერთიანებული მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები ევროსაბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან; ევროსაბჭოს დემოკრატიის და ადამიანური ღირსების დირექტორატის დირექტორთან; ევროსაბჭოს პროგრამირებისა და რესურსების მობილიზაციის დეპარტამენტის, ასევე - პოლიტიკის დაგეგმვის და ნდობის აღდგენის განყოფილების ხელმძღვანელებთან; ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველთან; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან; საქართველოს თანამომხსენებელთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და სხვებთან. ასევე გაიმართა შეხვედრები გერმანიის, ნორვეგიის და ხორვატიის პარლამენტარებთან.

შეხვედრებზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების განხილვას, მართლმსაჯულების ხარვეზებს, პოლიტიკური ნიშნით დევნის და შერჩევითი შერჩევითი სამართლის გამოყენების პრაქტიკას, უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, შეკრების თავისუფლების, მედიის და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობებს და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებს, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას და რუსული პროპაგანდის გააქტიურებას საქართველოში.
სიახლეები