სიახლეები

პენიტენციური სამსახური წამების მსხვერპლს მორალური ზიანის სახით განსაზღვრულ 30 000 ლარს აუნაზღაურებს 

16.11.2022
ფონტის ზომა
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული  წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 30 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მოქალაქის სასარგებლოდ, რომლის ინტერესებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომლებიც სხვადასხვა დროს დაექვემდებარნენ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და იქცნენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებად.

წლების განმავლობაში კვლავ პრობლემად რჩება 2006-12 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი სისტემური დანაშაულების - წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის შედეგად დაზარალებულთა საქმეების გაჭიანურებული განხილვა საერთო სასამართლოებში, რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და ბოლომდე დავობს წამების მსხვერპლებთან. სასამართლოში დავის ყველა ინსტანციის დასრულებამდე სახელმწიფო, ფაქტობრივად, თავს არიდებს დაზარალებულთა დიდი ნაწილის მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას და უარს ამბობს მათ სამართლებრივ და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე, ასევე - მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და კომპენსაციაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი - ლ.კ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავალი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა  მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ლ.კ 2017 წელს პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაზარალებულად არის ცნობილი.   

ლ.კ.-ს საქმეზე 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული  გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის  (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).   

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლ.კ-ს საქმეზე 2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, 

2022 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები