პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით დევნისას გარდაცვლილი მოქალაქის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა

20.05.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით დევნისას, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ითხოვს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლის დარღვევა. 

2016  წლის 3 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი (დაბადების გვარი - ხუციშვილი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ელიბაშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი - საჯარიმო ავტოსადგომზე, თავად ელიბაშვილი კი მდინარე მტკვარში, გარდაცვლილი იპოვეს.  მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო. კვალიფიკაცია მხოლოდ 2020 წლის 10 აგვისტოს შეიცვალა და ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და ამავე კოდექსის 342 მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). 

2016 წლის 1 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაედევნა ელიბაშვილის ავტომობილს. საპატრულო ეკიპაჟმა მის მიმართ დღემდე გაურკვეველი მიზეზით განახორციელა დევნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზურა ელიბაშვილი გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა, უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები მდინარე მტკვრის ხევის მიმართულებით. ასე ქვეითად დადევნებიდან მცირე პერიოდში პატრულ-ინსპექტორები დაბრუნდნენ თავიანთ ავტომანქანასთან ისე, რომ არ დაადგინეს ზურა ელიბაშვილის ადგილმდებარეობა და არც სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, ხოლო 3 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დევნის მონაწილე პირები გამოვლენილი და დადგენილია, ექვსი წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
პრეს-რელიზი