
2026 წლის 1 სექტემბერს ადვოკატი ია სირანაშვილი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მიუხედავად მომხდარი უმძიმესი ფაქტისა, სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არ დამდგარა ეფექტიანი სამართლებრივი შედეგი. ინციდენტში მონაწილე ხუთამდე პოლიციის თანამშრომელი კვლავ თავისუფლებაზე იმყოფება და აგრძელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, რაც ადვოკატს უქმნის სრული დაუცველობის განცდას და უჩენს რეალურ შიშს საკუთარი უსაფრთხოების მიმართ.
განსაკუთრებით საგანგაშოა საგამოძიებო უწყებების მიდგომა საქმის მიმართ: ია სირანაშვილს დღემდე დაუსაბუთებლად უცხადებენ უარს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობაზე. გარდა ამისა, გამოძიების მასალების გაცნობის ეტაპზე, საგამოძიებო უწყებამ მას მოაწერინა ხელი გაუთქმელობის ვალდებულებაზე. აღნიშნულით ადვოკატს შეეზღუდა შესაძლებლობა, საჯაროდ ესაუბრა საკუთარ საქმეზე და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გარემოებებზე.
სამართალდამცავთა ქმედებებში იკვეთება არა მხოლოდ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების (სსკ 333-ე მუხლი), არამედ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ჩარევას. ვინაიდან პოლიციელებმა ია სირანაშვილზე იძალადეს მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, თანაც საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება ცალსახად ექცევა სსკ 364-ე მუხლის მე-4 ნაწილის რეგულირების სფეროში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა და შემდგომი არაეფექტური გამოძიების პროცესი წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის უხეშ დარღვევას. ამასთან, მომხდარი არღვევს გაეროს „ადვოკატთა როლის შესახებ ძირითად პრინციპებს", რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს ადვოკატების დაცვა ყოველგვარი დაშინების, შეფერხებისა და შევიწროებისგან, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
• აწარმოოს საქმეზე დროული, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება სწორი კვალიფიკაციით, რაც სსკ 333-ე მუხლთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს სსკ 364-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებულ დანაშაულს.
• დროულად მოახდინონ ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.
• დაუყოვნებლივ მიანიჭონ ადვოკატ ია სირანაშვილს დაზარალებულის სტატუსი, რათა მან შეძლოს სრულყოფილად ისარგებლოს კანონით მინიჭებული საპროცესო უფლებებით.
• გააუქმონ ია სირანაშვილის მიმართ გამოყენებული გაუთქმელობის ვალდებულება, რადგან იგი მიმართულია მსხვერპლის გაჩუმებისკენ და არღვევს მისი გამოხატვის თავისუფლებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
• გამოძიების დასრულებამდე, დაუყოვნებლივ შეუჩერონ სამსახურებრივი უფლებამოსილება ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს, რათა გამოირიცხოს მათ მიერ დაზარალებულზე, მოწმეებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ზემოქმედების რისკი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი