სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში აისახა

21.03.2023
ფონტის ზომა
20 მარტს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი სხვა ქვეყნებთან ერთად, 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსაც აფასებს. 

საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, ანგარიშში ხაზგასმულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები; პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზები; პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის უკანონო შემთხვევები; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარის ფაქტები ჟურნალისტების მიმართ; წარუმატებელი გამოძიების, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და დაუსჯელობის შემთხვევები; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები, მათ შორის, რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებებისა და რუსული „ბორდერიზაციის“ პრობლემურობა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2022 წლის აპრილი-ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევებისა შეფასებისას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს და ციტირებს, რომ „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ, აქტიურად განაგრძობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ძირითადად - მათი დისკრედიტაციის, დაშინებისა და საპროტესტო აქციებისათვის ზიანის მიყენების მიზნით“. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასება, რომ საპროტესტო აქციების უმეტესობა იყო მშვიდობიანი ხასიათის და მომიტინგეთა მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი არ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში 2022 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ჩატარებული შვიდი საპროტესტო აქციის მონიტორინგის საფუძველზე, განხილულია შეკრება/ მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზაციასთან მიმართებაში გამოხატული პრობლემები, მათ შორის, შეკრების არასათანადო და არაეფექტიანი მართვა, სპონტანური აქციების დროს  ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის შეუძლებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ა.შ. ამ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით, ანგარიშში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მისამართით.

უკანონო დაკავებების კონტექსტში ყოველწლიური ანგარიში მოიცავს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრმაც, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და იცავს ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას სამართლებრივ ინტერესებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი დღემდე განაგრძობს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების საერთო სასამართლოებში დაკვირვებას და შეფასებას.

დოკუმენტში ანტისემიტიზმის პრობლემურობის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას, რომელშიც საუბარია ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გახშირებული თავდასხმის ფაქტებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. ადამიანის უფლებათა ცენტრი დღემდე აგრძელებს 2018 წლის 30 სექტემბერს სასტიკად მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას.

ყოველწლიურ ანგარიშში მიმოხილულია შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხებიც, სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებები ყოველწლიური ანგარიშიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ხაზგასმულია სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულეები, სამედიცინო დაწესებულებებისა და სერვისების წვდომის პრობლემურობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები