პრეს-რელიზი

პროკურატურამ 2019 წლის ივნისში დაზარალებულ სამ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი ახლა მიანიჭა

06.04.2021
ფონტის ზომა
გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები: ზაზა სვანაძე, მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი, რომელთა  სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვდა, ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენა. პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი ჟურნალისტებს, რაც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დაიწყო.

2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის  ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია.

ბესლან კმუზოვი არის Кавказский Узел-ის ჟურნალისტი საქართველოში. იგი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც მან მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისაგან,  კერძოდ მოხვდა  ექვსამდე ტყვია სხეულის სხვადასხვა ადგილას, ერთი ტყვია მოხვდა თავში, რის გამოც მიიღო თავის ღია ჭრილობა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

მერაბ ცაავა არის  საინფორმაციო სააგენტო ,,გურია ნიუსის“  ჟურნალისტი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს. მერაბ ცაავას ჰქონდა ჟურნალისტის ამომცნობი ნიშანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეზინის ტყვია მოხვდა ხელში იმ დროს, როდესაც კამერა თვალებთან ჰქონდა მიტანილი და იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ცაავა საკუთარმა ხელმა დაიცვა თვალის დაზიანებისაგან.  

ზაზა სვანაძე ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტია, იგი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამავე დროს იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საინფორმაციო სააგენტო „ჯეო მედია ტვ“-სთვის იღებდა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი


პრეს-რელიზი
01.01.1970

01.01.1970