სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციაში მოქალაქეთა ექსტრადიციის შეწყვეტის თაობაზე

18.06.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბოლო წლებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შემთხვევების გამო, რაც ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური ლოიალობის საფუძველზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის უმძიმეს პრაქტიკას ქმნის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს, რომელიც ცენტრის და  ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, 2019 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. ექსტრადიციის შემდეგ რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამზან ახიადოვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღემდე უცნობია.

ახიადოვის საქმე საზოგადოებაში იმთავითვე რეზონანსული იყო, ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირის ჩეჩნური წარმომავლობის გათვალისწინებით. ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებებისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოს საზოგადებას ამ საქმემდეც არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება. რამზან ახაიადოვი ყველა წარდგენილ ბრალდებას უარყოფდა და მის მიმართ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებდა ყურადღებას, ჩეჩნეთის პრეზიდენტის - რამზან კადიროვის ღია კრიტიკის გამო. 

ახიადოვის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული შეშფოთების გამო, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ახიადოვი იქნებოდა მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ შეექმნებოდა პრობლემები. ამასთან, მისივე განცხადებით, ის გააგრძელებდა ამ გარანტიების აღსრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მიუხედავად აღნიშნული დაპირებისა, რომელიც თეა წულუკიანმა ქართულ საზოგადოებას მისცა, რამზან ახიადოვის ბედი დღემდე უცნობია. მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2019 წელს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრს იუსტიციის სამინისტრომ არ მიაწოდა. იუსტიციის სამინისტრომ ზოგადი ინფორმაცია მხოლოდ სამი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთობლივი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, 2022 წლის 27 აპრილს ჩანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდოზე წარმოადგინა. 

რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი მდგომარეობა, განსაკუთრებით - ფედერალურ ციხეებში არსებული უმძიმესი მდგომარება მუდმივი კრიტიკის საგანია ადამიანის უფლებებზე მომუშავე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებსა თუ კვლვებში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის ციხეებში და პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობის სათანადოდ შესწავლის გარეშე,  მხოლოდ რუსეთის ფედერაციისგან მიღებული შაბლონური დიპლომატიური გარანტიების საფუძველზე ახდენს ბრალდებული პირების ექსტრადირებას. 

ამ ფონზე, ცენტრის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იუსტიციის ყოფილი მინისტრის არაერთი დაპირებისა, რომ ექსტრადიციის რეზონანსულ საქმეებს პირადად გაუწევდა მონიტორინგს, სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროვებს ინფორმაციას უკვე ექსტრადირებული პირების მდგომარეობის მონიტორინგის პროცესისა და მისი შედეგების შესახებ. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს საზოგადოებაში ამ პროცესისადმი და საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალებებულების აღსრულებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 
1. გაიაზროს ექსტრადაციის პრობლემურობა, ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით და ყველა სხვა მსგავს საქმეში უზრუნველყოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების განუხრელი დაცვა;
2.  შეისწავლოს რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან ექსტრადირებულ პირთა სტატისტიკა და გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს;
3.  გაასაჯაროოს მეთოდოლოგია, რისი გამოყენებითაც ახორციელებს საქართველოდან ექსტრადირებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მონიტორინგს. ასევე, გაასაჯაროოს ამ მონიტორინგის შედეგები;
4. დაუყოვნებლივ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რამზან ახიადოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საპატიმრო პირობების შესახებ;
5. რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპის საბჭოს დატოვების, უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული საომარი მოქმედებების, ადამიანის უფლებებების მასობრივი დარღვევებისა და სხვა რელევანტური რისკების გათვალისწინებით, უვადოდ შეაჩეროს ნებისმიერი პირის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში.
სიახლეები