განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკის თაობაზე

01.05.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი კრიტიკულად აფასებს ბოლო დროს ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით. 

ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისას, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ავლენს არასეკულარულ და დიფერენცირებულ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. წლების განმავლობაში რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და გაბატონებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიისადმი ხელისუფლების წარმომადგენელთა ღია ლოიალობა.

ჯერ კიდევ გასული წლის 21 მარტს, პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებას არ შეუმუშავებია დამატებითი რეგულაციები რელიგიური ორგანიზაციებისთვის, მაგრამ რელიგიური მიზნებით შეკრებების მხრივ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის ინტერესები გაითვალისწინა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთათვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, როცა არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისა და მათი წარმომადგენლებისთვის მსგავსი პრივილეგიები საერთოდ არ იყო ხელშესახები, გარდა სოციალური მომსახურების განსახორციელებლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვისა. მსგავს უთანასწორო მოპყრობას იმთავითვე აპროტესტებდა როგორც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან, მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ პროტესტს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, გასულ წელს აღდგომის, შობის და სხვა ქრისტიანული დღესასწაულებისას მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის მრევლზე მინიჭებული პრივილეგიით, ხოლო სხვა რელიგიათათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების იგნორირებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახდინა  ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულვებელყოფის  დემონსტრირება. ამის მკაფიო მაგალითია 2020 წლის 14 აპრილს, იმდროინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, კერძოდ, მისივე თქმით იმას, „რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ". მოგვიანებით, 2020 წლის 27 ნოემბერს, იგივე პათოსი გააჟღერა იმდროინდელმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რომლის განცხადებით, მთავრობამ 6-7 იანვრის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იმიტომ მოხსნა, რომ „მოსახლეობის უმეტესი და ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი საზოგადოებაა“. 

ამ ფონზე, შეშფოთებას იწვევს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი ს(ს)იპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დუმილი, რომლის მანდატი სწორედ რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას მოიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სააგენტოს ფორმალურობას.

2021 წლის პირველ ნახევარში, საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მათი გნაცხადებით, ეს არ ეხება კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებს. ამიტომ, 2021 წლის 18 მარტს, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო წერილით მიმართეს და სთხოვეს, ერთი დღით, 21 მარტს, აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშნვნის შესაძლებლობა მისცემოდათ და კომენდატის საათი (დროებით) გაეუქმებინათ. თუმცა, მიუხედავად მუსლიმი თემის აქტივისტების მოთხოვნებისა და ოფიციალური მიმართვებისა, სახელმწიფომ შეღავათები არ გაითვალისწინა მათთვის და პირიქით - დააჯარიმა.

სამწუხაროდ, ახალი სამთავრობო გუნდის პირობებშიც, წელსაც, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული მიდგომის მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, რაც ქვეყანაში რელიგიური თანასწორობის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებსა და თანასწორობის პრინციპის უხეშ უგულვებელყოფას მოწმობს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
  • დისკრიმინაციის გარეშე, ერთნაირად დაიცვას, ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება. დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით გარანტირებული სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი;
  • კონკრეტული კონფენსიური კუთვნილების მიუხედავად, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, საშუალება მისცეს ყველა ადამიანს, დაუბრკოლებლად ისარგებლოს საკუთარი რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
განცხადებები
22.04.2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ამნისტიის კანონის ინიცირებასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე