განცხადებები

კოალიცია „მეტი ჩართულობა“ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

23.04.2021
ფონტის ზომა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი  საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „მეტი ჩართულობა“ საქართველოს ხელისუფლებას  მიმართავს და  მოუწოდებს, უფრო ეფექტიანად, საზოგადოების მეტი ჩართულობით და ინფორმირებით წარმართოს სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანია აფხაზ და ოს ხალხებთან ნდობის აღდგენა, შერიგება და მშვიდობის მშენებლობა.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები წლებია, სარგებლობენ ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში მკურნალობის მხარდაჭერას. მთავრობის შედარებით ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ კი, საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის - ეთნიკურად აფხაზებს და ოსებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაგეგმონ და აწარმოონ ბიზნესი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის  მხარდაჭერილი პროექტის - „მეტი ჩართულობა  - უკეთესი შედეგის“  შესაბამისად, კოალიციის მიერ ჩატარებული კვლევის და  სამიზნე ჯგუფების გამოკითხვით, გამოვლინდა ხარვეზები და პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. უკანასკნელ პერიოდში კოალიციის წევრი ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო მეტ  ცნობებს იღებენ პროგრამების ხარვეზიანად მიმდინარეობის თაობაზე, რასაც არც თუ ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს და სახელმწიფომ დასახული გეგმების საპირისპირო შედეგი მიიღოს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლია, მიიღოს ჯანდაცვის სერვისების ფართო სპექტრი სახელმწიფოს დაფინანსებით. მიუხედავად ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რთულია ინფორმაციის მოძიება, კონკრეტულად რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი უფასოდ და რა კონკრეტული თანხის გადახდა მოუწევთ ცალკეული სერვისებისთვის, ასევე - რომელ კლინიკაშია შესაძლებელი ამ მომსახურების მიღება. ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება პაციენტებს სხვადასხვა უწყებებში უწევთ, რაც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. არ არსებობს ცალკე აღებული ერთი  სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის კოორდინაციაზე  და პაციენტებისთვის  ამ პროგრამის შესახებ დეტალური,  ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაზე. 

არსებული ვითარება აფერხებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას მკურნალობის დაწყების თაობაზე და ართულებს  მკურნალობის პროცესს, რაც ასევე, პაციენტების   გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მათ უჭირთ ამ ფორმალობების მოგვარება და  დაბრკოლებების დაძლევა, რაშიც ენობრივი ბარიერიც უშლით ხელს. პაციემტებმა  არ იციან რომელ სტრუქტურას მიმართონ და საბუთები როგორ გააფორმონ.  ცხელი ხაზის მუშაობა კი არაეფექტურია. 

რეფერალური პროგრამა ფაქტობრივად არ ფარავს წინასწარი კვლევების და დიაგნოსტირების ხარჯებს (მხოლოდ მძიმე ავადმყოფების  კვლევის ხარჯები იფარება), რაც დღესდღეობით ამ პროგრამის ერთ-ერთი დიდი ხარვეზია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სერვისის ამ კომპონენტის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ მომართვიანობის ზრდის ტემპი თავდაპირველად  შემცირდა, მაგრამ ენგურზე  კარანტინის მოხსნის შემდეგ კვლავ დაიწყო მატება. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების ნაკადმა რუსეთისკენ გადაინაცვლოს, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში ნდობის აღდგენის  პროცესს. დროში იწელება დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტის რეფერალურ პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ლოდინის  პერიოდი მძიმე მატერიალურ ტვირთად აწვება აფხაზ და ოს პაციენტებს, მათ თანმხლებ პირებს. ხშირ  შემთხვევებში ეს იწვევს მკურნალობის დაგვიანებით დაწყებას, როცა ხშირად  სასწრაფო ზომებია მისაღები!

რეფერალური პროგრამის შესრულების ერთიანი სისტემის, მოწესრიგებული კომუნიკაციისა  და შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო, არის შემთხვევები, როცა ფერხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანა. ქართული მხარე  ხშირ შემთხვევაში პაციენტებს შეფერხებით აწვდის რეანომობილს.  

პანდემიის გავრცელების პირობებში, ბიუროკრატიულად კიდევ უფრო გართულებული და ხშირად - გაუმართლებელი იყო კარანტინთან დაკავშირებული რეგულაციები, რის გამოც პაციენტებს დამატებითი დაბრკოლებები ექმნებოდათ. მართალია, ბოლო პერიოდში, ეს საკითხი გვარდება, მაგრამ  მანამდე მას,  სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე  შეეწირა.

გარკვეული პრობლემები ახლავს მთავრობის შედარებით ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ბიზნესის განვითარებას.  მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ შექმნილი გარკვეული ბარიერებისა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში    მოქმედი მეწარმეები მაინც  გამოხატავენ ამ  პროგრამაში მონაწილეობის ინტერესს და ისინი თვითონ ახერხებენ არსებული ბარიერების გადალახვას, იბრძვიან მათი გაუქმებისათვის. ასეთ პირობებშიც კი, გამყოფი ხაზების გასწვრივ დღესაც გრძელდება მიმოსვლა, ვაჭრობა და სხვადასხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობები. თუმცა, ურთიერთობები მცირე მასშტაბისაა  და შედეგი  ნაკლებად ეფექტური. ეს გამოწვეულია აფხაზური და ოსური მხარეების მიერ თავისუფალი გადაადგილებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციის შეზღუდვით, ტვირთების მოცულობაზე დადგენილი ლიმიტებით და სხვადასხვა სახის  არაკანონიერი  გადასახადებით. ამას ემატება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გაზრდილი კორუფცია, არალეგალური ბიზნესის დიდი მასშტაბი, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს ლეგალურ მცირე  ბიზნესურთიერთობებს.

ამ დროისათვის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში არასაკმარისია  თანამშრომლობა  პროფილური  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობის შესაბამის უწყებებს შორის. ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აწყდებიან პრობლემებს და ბარიერებს.

არსებულ ვითარებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი 9 ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია „მეტი ჩართულობა“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით:
  • მნიშვნელოვანია, აფხაზ და ოს ხალხებთან ნდობის აღდგენის, შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები იყოს მრავალფეროვანი და ფარავდეს სხვადასხვა სფეროებს. ამისათვის აუცილებელია,  მუშაობაში ჩართული იყოს ყველა სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ქვეუწყებები თუ კომპანიები. 
  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობის დეტალური ინფორმირების მიზნით, აუცილებელია არსებული სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიანი საინფორმაციო უზრუნველყოფა და ცხელი ხაზის უხარვეზო მუშაობა, მომართვებზე  ოპერატიული რეაგირება;
  • ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა უნდა ფარავდეს წინასწარი კვლევების და დიაგნოსტირების ხარჯებსაც, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღონ სრულფასოვანი სერვისი; 
  • შეიქმნას რეფერალური პროგრამის შესრულების ერთიანი სისტემა და შესაბამისი მექანიზმები, რათა შეუფერხებლად მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანა. ასევე, მათ დროულად უნდა მიეწოდოს რეანომობილი. 
  • კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, შეიქმნას მარტივი და მოქნილი რეგულაციები, რაც პაციენტებს მოუხსნის დამატებით დაბრკოლებებს; 
  • შესაბამისმა სამინისტროებმა და სტრუქტურებმა გააქტიურონ და გააძლიერონ  თანამშრომლობა ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო და კერძო სექტორთან, რომლებიც დაინტერესებული არიან აფხაზურ და ოსურ მხარეებთან  საქმიანი კავშირების დამყარებით;
  • მთავრობამ უნდა დააინტერესოს დონორი ორგანიზაციები მიმდინარე პროგრამებით, რათა მათ მეტი მიზნობრივი დაფინანსება გამოუყონ  ერთობლივი ეკონომიკური ურთიერთობებით  დაინტერესებულ   მეწარმეებს; 
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეიქმნას საკონსულტაციო და სამეთვალყურეო ფუნქციის მატარებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება  თემით დაინტერესებული -  მთავრობის, დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადოს სულ მცირე 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერება აქტივობები ნდობის აღდგენის და შერიგების მიმართულებით, ასევე - ფინანსური წყაროები, ბენეფიციარები, ინდიკატორები და პასუხისმგებელი უწყებები. 
                                                                                                                                              კოალიცია „მეტი ჩართულობა“ 

წევრი ორგანიზაციები და ხელმძღვანელები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი - ალეკო ცქიტიშვილი;
  2. ასოციაცია „იმედი“ – დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის - კრისტინა კილანავა; 
  3. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ - ალუ გამახარია;
  4. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ - ნანული რამიშვილი;
  5. მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - ელიკო ბენდელიანი;
  6. „სამოქალაქო ფორუმი“ - ზურაბ ბენდიანიშვილი;
  7. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ - ნაპოლეონ მილორავა;
  8. „სტუდია რე“ -  მამუკა ყუფარაძე;
  9. ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - არჩილ ელბაქიძე.
განცხადებები
22.04.2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ამნისტიის კანონის ინიცირებასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე