სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გორში სამოქალაქო აქტივისტებისაგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით

20.11.2025
ფონტის ზომა

2025 წლის 24 სექტემბერს სსიპ ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და გორელი სამოქალაქო აქტივისტებისგან - თეონა ფანქველაშვილისა და თეონა ბზიშვილისაგან მოითხოვა ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.

გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბიუროს შუამდგომლობა და უარი ეთქვა მას ინფორმაციის გამოთხოვაზე შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. ბრძანება ანტიკორუფციულმა ბიურომ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლე თამარ ონიანის 2025 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული და კანონიერი ბრძანება, დაკმაყოფილდა ბიუროს შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან, ასევე თეონა ფანქველაშვილისაგან და თეონა ბზიშვილისაგან გამოთხოვილი იქნა რიგი ფინანსური ინფორმაციისა.

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა დაეფუძნა მის უფლებამოსილებას, განახორციელოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. თუმცა, ბიუროს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომ თეონა ფანქველაშვილი და თეონა ბზიშვილი წარმოადგენდნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფართოდ განმარტა „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის“ ცნება, გასცდა კანონმდებლობით ჩამოყალიბებულ განმარტებას, არ მოითხოვა ბიუროსაგან დამატებითი მტკიცებულებები და მისცა მას წვდომა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე მონიტორინგის განსახორიცელებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანება და ამ ბრძანებით დადგენილი სტანდარტი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, კანონის ნორმათა ფართო განმარტების საფუძველზე სახელმწიფო უწყებას დაუსაბუთებლად მიეცეს ფიზიკურ პირთა პერსონალურ/ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის,  პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებების უხეშ დარღვევას. მითითებული სტანდარტით ფიზიკური პირისაგან პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა საფუძველს აცლის მთლიანად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს და ქმნის პრაქტიკას, როდესაც საჯარო უწყებას ნებისმიერ დროს ნებისმიერი პირისაგან შეუძლია გამოითხოვოს ამ პირის პერსონალური ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, რომ ამა თუ იმ პირისაგან პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობების განხილვისას მაქსიმალურად ვიწროდ განახორციელოს კანონის ინტერპრეტირება, სამართალწარმოებისას პატივი სცეს და დაიცვას როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ ფარგლებს, პატივი სცეს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების  უფლებებს, შეწყვიტოს პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის დაუსაბუთებელი პრაქტიკა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - შექმნას დამაშინებელი და რეპრესიული გარემო პირებისათვის, რომელთა აქტიურობა მიუღებელია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სიახლეები