25/09/2025
შევიწროება მართლმსაჯულების ხელით 25 სექტემბერი, 2025 წელი
„Observatory - უფლებადამცველების დასაცავად“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტის (OMCT) პარტნიორობით შექმნილი ორგანიზაციაა. Observatory მოითხოვს საქართველოში არსებულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ ჩარევას.
სიტუაციის აღწერა: Observatory-მ მიიღო ინფორმაცია 20-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების შესახებ, მათ შორის არიან FIDH-ისა და OMCT-ის წევრი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ასევე OMCT-ის ქსელის წევრები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT). გარდა ამისა, მიმდინარეობს სასამართლო სამართალწარმოება წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ.
2025 წლის 15 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიღო წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან, რომელიც ითხოვდა დოკუმენტაციას, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულებებს, დონორების შესახებ ინფორმაციას, საქმიანობის ანგარიშებს და შრომით კონტრაქტებს, რათა შეეფასებინათ სავარაუდო დარღვევები „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. წერილებში არ იყო მითითებული შემოწმების სამართლებრივი საფუძველი ან ფაქტობრივი გარემოებები, რომლებმაც ბიუროს მხრიდან მონიტორინგის დაწყება განაპირობა. საერთო ჯამში, როგორც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2025 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, ანალოგიური შინაარსის წერილი სულ მცირე 20-მა ორგანიზაციამ მიიღო. მათ შორის იყვნენ წამყვანი ორგანიზაციები, რომლებიც უფასო სამართლებრივ და ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობისა და LGBTQIA+ უფლებების დაცვის მიმართულებით.
2025 წლის 22 სექტემბრისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ უკვე გამოსცა განკარგულებები ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ავალდებულებს მათ, გადასცენ მოთხოვნილი ინფორმაცია ანტი-კორუფციულ ბიუროს.
Observatory იხსენებს, რომ ეს არის ანტი-კორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული უკვე საფუძველს მოკლებული შემოწმების მესამე ტალღა. მანამდე, 2025 წლის ივნისსა და აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, მათ შორის ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები. ყველა სამიზნე ორგანიზაციამ საჯაროდ უარი განაცხადა ანტი-კორუფციული ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მათ შორის მიუთითეს ბენეფიციარების მიმართ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაზე და განაცხადეს, რომ ნაწილობრივ გაანადგურეს სენსიტიური ინფორმაცია.
პარალელურად, სექტემბრის დასაწყისში, პროკურატურის ორგანოებმა გამოკითხეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მიმდინარე „საბოტაჟის“ გამოძიებასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად, 2025 წლის მარტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჯგუფის, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” და „სირცხვილია“-ს საბანკო ანგარიშების გაყინვა — მომიტინგეებისთვის ფინანსური, იურიდიული და სამედიცინო დახმარების გაწევის გამო. ორგანიზაციების ლიდერები დაკითხეს, ჩატარდა მათი სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, ხოლო ორგანიზაციები, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ საქმიანობა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა რამდენიმე სახლის ჩხრეკა, მათ შორის ალეკო ცქიტიშვილის
საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ჩამოართვეს პირადი ნივთები, რომლებიც დღემდე არ დაუბრუნებიათ.
შემდგომში, 2025 წლის 27 აგვისტოს, ამავე გამოძიების ფარგლებში, კიდევ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის
საბანკო ანგარიშები გაიყინა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), „საფარის“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრის. პროკურატურამ განაცხადა, რომ „ზემოხსენებული ორგანიზაციების ლიდერებმა“ განახორციელეს „კოორდინირებული საქმიანობები (...) სამართალდამცავი უწყებების დასასუსტებლად და მათი ნორმალური ფუნქციონირების ხელის შესაშლელად“, მათ შორის იმით, რომ შეიძინეს დამცავი აღჭურვილობა, რომელიც „აქტიურად გამოიყენებოდა მომიტინგეების მიერ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“ და უზრუნველყვეს ფინანსური და იურიდიული დახმარება მომიტინგეებისათვის, რომლებიც უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს მასობრივ აქციებში მონაწილეობისათვის. აღნიშნული აქციები იმართებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცალმხრივად შეჩერების წინააღმდეგ.
პროკურატურის განცხადებით, ხელისუფლება იძიებს აღნიშნულ ქმედებებს როგორც „საბოტაჟს“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი), “დამამძიმებელი გარემოებებით ჩადენილ საბოტაჟის მცდელობას“ (იგივე მუხლის მეორე ნაწილი), „უცხოური ორგანიზაციისთვის ან უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციისთვის მტრულ მოქმედებებში დახმარებას“ (სს კოდექსის 314-ე მუხლი) და „საქართველოს კონსტიტუციური წყობისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისათვის თანხის მობილიზებას“ (315-ე მუხლი). ამ მუხლებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, პირებს ემუქრებათ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის უვადო პატიმრობა – როგორც ამას სსკ 314-ე მუხლი ითვალისწინებს. თუმცა, გამოძიების დეტალები ამ მიმართვის გამოქვეყნების მომენტისთვის უცნობია.
Observatory აღნიშნავს, რომ სამიზნე ორგანიზაციები კანონიერად და დამოუკიდებლად ახორციელებენ უფლებადაცვით საქმიანობას. ბოლო წლების განმავლობაში, ეს ორგანიზაციები მნიშვნელოვან ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერას უწევდნენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც უკანონოდ დააკავეს მასობრივი დემონსტრაციების დროს — ნაწილი მათგანის დაჯარიმება მოხდა უკანონოდ, და რამდენიმე ორგანიზაცია აფინანსებდა ამ ჯარიმებს ან უწევდა მათ იურიდიულ და სხვა სახის დახმარებას.
მათი წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები და საბანკო ანგარიშების გაყინვა არის ერთიანი, სისტემური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებას, მათი ხმის ჩახშობას და მათი თანამშრომლებისა და ბენეფიციარების დაუცველ მდგომარეობაში ჩაყენებას.
Observatory აცხადებს, რომ 2024 წლის აპრილის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების და განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. ამ პროცესში შედის 2024 წელს მიღებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, შემდგომ – 2025 წლის
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ბოლო პერიოდში „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციისკენ, დაფინანსების შეწყვეტისკენ და მათი ჩახშობისკენ.
Observatory იხსენებს, რომ მასობრივი ძალადობის ფონზე, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებდნენ მომიტინგეების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად,
მრავალ მომიტინგეზე, უფლებადამცველსა და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს, მათ შორის –სამართალდამცავებმა.Observatory მკაცრად გმობს ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სასამართლო წარმოებას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების სამიზნეებად იქცნენ. აღნიშნული ქმედებები აშკარად მიზნად ისახავს მათ დასჯას და მათი კანონიერი უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზაციას.
Observatory მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოება და ყველა პირობებში დაიცვას საერთაშორისო აღიარებული უფლებები — გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
მოვითხოვთ შემდეგ ქმედებებს: გთხოვთ, წერილობით მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას:
• დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა სახის ზეწოლა, მათ შორის ადმინისტრაციული და სასამართლო სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მათი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ამ ზეწოლის სამიზნეები გახდნენ მათი კანონიერი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო;
• დაუყოვნებლივ გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, „გრანტების შესახებ“ კანონის უახლესი ცვლილებები და ნებისმიერი სხვა კანონმდებლობა, რომელიც უგულებელყოფს გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების უფლებებს, რაც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 19-ე და 22-ე მუხლებით.
ადრესატები:ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი;
გელა გელაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
გიორგი გვარაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურორი;
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი;
საქართველოს მუდმივმოქმედი მისია გაეროში, ჟენევა;
საქართველოს საელჩო ბელგიაში, ლუქსემბურგში და საქართველოს მისია ევროპის კავშირში;
ასევე, გთხოვთ, მიმართეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თქვენს შესაბამის ქვეყნებში.
***
პარიზი-ჟენევა, 25 სექტემბერი, 2025 წელი
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენს მიერ აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედების შესახებ.
Observatory უფლებადამცველების დასაცავად (the Observatory) შეიქმნა 1997 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტის (OMCT) მიერ. პროგრამის მიზანია შეწყდეს ან მხარდაჭერის მიზნით ჩაერთოს სიტუაციებში, სადაც უფლებადამცველები ხდებიან რეპრესიის მსხვერპლი. ფედერაცია და წამების წინააღმდეგ მსოფლიო კომიტეტი არიან ProtectDefenders.eu-ს, ევროპის კავშირის უფლებადამცველთა მექანიზმის წევრები, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება.
Observatory-თან დასაკავშირებლად გთხოვთ დარეკეთ ცხელ ხაზზე:
• ელფოსტა:
alert@observatoryfordefenders.org • ტელ: FIDH: + 33 (0) 1 43 55 25 18
• ტელ: OMCT: + 41 22 809 49 39