ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი გმობენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც 27 აგვისტოს ახალ ეტაპზე გადავიდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე ცნობილი ქართული ფონდის და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.
27 აგვისტოს დილით, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში დაყადაღდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნა ეხებოდა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ორგანიზაციებს: საფარი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), დემოკრატიის მცველები, და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა დააფინანსეს აირწინაღების, დამცავი სათვალეების, წიწაკის გაზის და მსგავსი აღჭურვილობის შესყიდვა გასული წლის საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის. ამას გარდა, პროკურატურა აცხადებს რომ ორგანიზაციები იურიდიულ, ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სამართალდამცველთა წინააღმდეგ “ძალადობრივ ქმედებაში”. აღნიშნული ბრალდებები დაუსაბუთებელია და მოკლებულია არგუმენტაციას. გარდა ამისა, ისინი წინააღმდეგობაში მოდის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული კონვენციებით, რომელთა აღსრულება სავალდებულოა საქართველოსთვის.
მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლებით, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო აჩერებდა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლის ბოლომდე. საქართველოს მთავრობა მოქალაქეების პროტესტს, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და ოპონენტებს დაუპირისპირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური საპოლოციო სისასტიკით და ძალადობით.
ფორმალურად, სასამართლოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ორკესტრირებული და მასიური თავდასხმა მიდის განსხვავებულ აზრზე, როცა სასამართლო სისტემა აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დაქვემდებარებული, მცირე იმედიღა გვრჩება, რომ სამართლებრივი სისტემა გამოასწორებს ამ აშკარა შეტევას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. უფრო მეტად მოსალოდნელია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეპრესიების ახალ ტალღას მისცემს ბიძგს, რომელსაც მოყვება ოფისების და სახლების ჩხრეკა, და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაკავებებიც კი.
საქართველოს მთავრობა დაუახლოვდა რუსეთს და დაშორდა საკუთარ მოქალაქეებს, ევროპას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს. ეს მიუღებელია. ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ და შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხონ ამას. მმართველი ქართული პარტიის ჯერ კიდევ დაუსანქცირებელი ლიდერები უნდა დასანქცირდნენ, ისევე როგორც ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც ჩართულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში.
წყარო:nhc.no/en/statement-of-georgias-human-rights-center-and-the-norwegian-helsinki-committee/?fbclid=IwY2xjawMjm8xleHRuA2FlbQIxMQABHgt_s-t1b1NRaOXg-JMsXftKDdhR5I1RhRy-jMwCrJV5toQhRk8iIhK210Ji_aem_0AT6fRwSYtxZ0dxoP38qdQ