სიახლეები

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები

19.06.2023
ფონტის ზომა
ხვალ, 20 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს  ანალიტიკურ დოკუმენტს - „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები“.  

ანალიტიკური დოკუმენტის  მიზანია, შეაფასოს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის გაჭიანურებისას ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული კომპონენტების დაცვის ხარისხი.  ამასთან, გამოკვეთოს ის ტენდენციები, რაც დოკუმენტში განხილულ საქმეებში შესაძლებელია, მიანიშნებდეს სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციასა და შერჩევით მართლმსაჯულებაზე.

ანალიტიკურ დოკუმენტში გაანალიზებულია მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას საქმეები, რომელთა სასამართლო განხილვას ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები აკვირდებიან. 

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რიგ შემთხვევებში, პროკურატურას შესაძლოა, ჰქონოდა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მისი ბრალდებულად ცნობა  გონივრულ ვადაში არ მომხდარა.

პოლიტიკური მოტივის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია, „გააცოცხოლოს“ საქმეები და პირს ახალი ბრალი წარუდგინოს. თავის მხრივ, ამას მოჰყვება სისხლისსამართლებრივი დევნის ხელახალი დაწყება, რა დროსაც ჩნდება პირისადმი შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების ეჭვი.

იმისათვის, რომ დაცული იყოს ბრალდებულის უფლებები და გამოირიცხოს მიკერძოებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკი, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების გონივრულ ვადაში განხორციელება, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების დაცვით.

პრესკონფერენცია გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისის, აკაკი გახოკიძის ქ. 11ა, 0 სართული.
სიახლეები