სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების და არასათანადო მოპყრობის თაობაზე

15.12.2022
ფონტის ზომა
 
14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელისგან გათავისუფლების, ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების თაობაზე. სხდომას არ ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, რადგან კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მისი გადაადგილების და ტრანსპორტირების  საშუალებას. პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო სხდომაზე მისი დისტანციური ჩართვა. როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, სხდომაზე პატიმრის დისტანციური ჩართვა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. 

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა სასამართლო და ასევე, კლინიკა „ვივამედი“, აღჭურვილია სხვადასხვა ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით, მსგავსი განცხადება იწვევს ეჭვს, რომ სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, პატიმარმა სასამართლო სხდომაზე თავად დააფიქსიროს პოზიცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და პირადად ისარგებლოს დაცვის უფლებით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა. 

სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, იმ მოტივით, რომ სრულად არ იცნობდა საქმის მასალებს, პროცესის ერთი თვით გადადების შუამდგომლობა დააყენა. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალები პენიტენციური სამსახურისათვის თავიდანვე ხელმისაწვდომი იყო. შესაბამისად, შუამდგომლობა საქმის გადადების შესახებ, ამყარებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო არ არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების უფლების განხორციელებით, რაც პატიმრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.
 
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბერს მიმართეს შუამდგომლობით – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელისგან გათავისუფლების, ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შესახებ. შუამდგომლობის 15 ტომი მოიცავს ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასებებს, დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს. მიმდინარე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შესახებ ცნობების აქტიურად გავრცელების შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა 4–5 დეკემბერს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მონიტორინგი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“. მონიტორინგის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია, რომ ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება, როგორც მძიმე. სააკაშვილს მკვეთრად აქვს დაკლებული წონაში (42 კგ.), მიმდინარეობს კუნთების განლევა, დარღვეული აქვს მგრძნობელობა კიდურებში, აქვს მუდმივი ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა) და უჭირს მოძრაობა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზეა საუბარი ასევე ცენტრი „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ 2980-გვერდიან დასკვნაში, სადაც აღნიშნულია, რომ ყოფილ პრეზიდენტს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი დაუდგინდა, რომელთაგან „წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის მის მდგომარეობას პატიმრობასთან“. ცენტრის გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მისი მდგომარეობის კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალება, განსაკუთრებით - ინფექციური ან/და ინტოქსიკაციის ეჭვების გამოსარიცხად, რადგანაც არსებული დინამიკის განვითარებამ, ინტოქსიკაციის შემთხვევაში, „შესაძლოა გამოიწვიოს კომა და სიკვდილი“.

მიუხედავად საგანგაშო სამედიცინო დიაგნოზისა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპარლამენტარების მოწოდებებისა,  საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები და სრული გულგრილობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების იმპლემენტაციასთან მიმართებაში, რაც ტოვებს განცდას, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ უფლებების განხორციელება დამოკიდებულია ადამიანის პოლიტიკურ–სოციალურ სტატუსზე. მსგავსი განცხადებები, ასევე, შესაძლოა, გახდეს ირიბი ზეწოლის საფუძველი საქმის განმხილველ მოსამართლეზე, რაც კიდევ ერთხელ დააყენებს კითხვის ქვეშ სასამართლოს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2022 წლის 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი – „პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე“, სადაც განხილულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის თანმდევი მოვლენების ანალიზი. დოკუმენტში, ასევე, განხილულია განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოუხდელი ნაწილისაგან გათავისუფლების ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციები. ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, აუცილებელია, იმუშაოს სასჯელის გადავადების საკითხსა და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემაზე, პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შემთხვები ქართული მართლმსაჯულებისთვის უცხო არ არის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშიც იყო საქმე, როდესაც სასჯელის მოხდის გადავადებით მსჯავრდებულმა უცხოეთში იმკურნალა.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური დოკუმენტიდან ორი თვის თავზე გავრცელებული ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აჩვენებს, რომ კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული მკურნალობა პატიმრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებით ზეგავლენას ვერ ახდენს და პატიმრის მდგომარეობა დინამიკაში სულ უფრო მძიმდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სულ მცირე, განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვისას იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვის  ინტერესებით, ასევე - საქმეზე განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები