სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2022 წლის ივლისი-ოქტომბერი)

09.11.2022
ფონტის ზომა
 
ე. წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული ყველა ყოფილი პოლიტპატიმარი გამართლდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 პირი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.  სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა.

2011 წლის ივლისის თვის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24  პირს მსჯავრი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც გულისხმობს  შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

შემდეგ წლებში ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

მოცემულ საქმეზე, განაჩენების გადასინჯვის  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით  ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე 2021 წლის თებერვლის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა. 2021 წელსვე,  ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლოებრივი დახმარების შედეგად, ე.წ. ყინწვისის საქმეზე დარჩენილი 12 პირის მიმართ განაჩენების გადასინჯვისა  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებული პირების სამართლებრივ ინტერესებს სასამართლო პროცესზე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავდა.
 
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რის შედეგადაც ყინწვისის საქმის მონაწილე ყველა პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისასთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ივლისის თვეში ქალის მიმართ, ოჯახში ძალადობის საქმეზე, გენდერული ნიშნით ჩადენილი კვალიფიკაციით თბილისის სასაქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გ. ლ-ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ი. ტ.-ზე მეუღლე, გ. ლ. წლების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 2021 წლის დეკემბრის თვეში ი. ტ. კვლავ გახდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რა დროსაც გამოძახებული იქნა პოლიცია და შედეგად ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
ოჯახში ძალადობის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში დაზარალებულ ი. ტ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.  

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოქალაქეს დამსაქმებელი განაცდურს და კომპენსაციას გადაუხდის
2022 წლის 21 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ.ბ.-ს სარჩელი სს „იავნანას“ მიმართ - ბათილად ცნო სს „იავნანას“ დირექტორის ბრძანება თ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციისა და განაცდურის გადახდა თ.ბ.-სთვის.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. სს "იავნანამ" 30 წლის სტაჟის მქონე დასაქმებული თ.ბ. ყოველგვარი წინასწარი შეტყობნების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. გათავისუფლებას წინ უძღოდა თ.ბ.-თვის ხელფასის განახევრება მასთან წინასწარი კონსულტაციისა და მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე. თ.ბ.-მ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს. იგი მიიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება განხორციელდა მხოლოდ მისი ასაკის გამო. სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ დამსაქმებელმა რეორგანიზაციის ფარგლებში, შტატების შემცირების ნაცვლად, განახორციელა ამავე შტატებისათვის სახელწოდებების გადარქმევა და თ.ბ.-ს ადგილას დაინიშნა ასაკით ახალგაზრდა სხვა თანამშრომელი. დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა რეორგანიზაციის მართლზომიერების დასაბუთება. 

გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „იავნანას“ დირექტორის ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის ადგილას უკვე სხვა თანამშრომელია აყვანილი და ტოლფასი თანამდებობაც ვერ იქნა მოძიებული, თ.ბ.-ს სამსახურში აღდგენის ნაცვლად მიეკუთვნა კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება.
 
გორის სამხედრო ჰოსპიტალს გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დაეკისრა
2022 წლის 11 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ.დ.-ისა და ნ.ი.-ს სარჩელები სსიპ გიორგი აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებები, რომლითაც თ.დ. და ნ.ი. გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჰოსპიტალს დაეკისრა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის განაცდურისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. უკანონოდ გათავისუფლებულების ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

თ.დ. და ნ.ი. იყვნენ ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიღებული ჰქონდათ არაერთი მადლობა წარმატებული მუშაობისათვის. 2021 წლის ბოლოს მათ დამსაქმებლისაგან მიიღეს შეტყობინება, რომ ვადის გასვლის გამო უწყდებოდათ ხელშეკრულება და ჰოსპიტალი აღარ აპირებდა მის გაგრძელებას, მაშინ როდესაც მათი მუშაობის სტაჟიდან გამომდინარე ისინი ითვლებოდნენ უვადო ხელშეკრულებით დასაქმებულებად. თ.დ.-სა ნ.ი.-ს განმარტებით მათი გათავისუფლება მოხდა მათივე ოჯახის წევრის მიერ მმართველი პარტიის დატოვებისა და გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართეს სასამართლოს, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა გათავისუფლების უკანონობა, თუმცა შესაბამისი ვაკანტური ადგილების არარსებობის გამო აღდგენის ნაცვლად მიენიჭათ კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება. არ იქნა დადგენილი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტი. დავა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმავე ან ტოლფას თნამდებობაზე აღდგენისა და მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობის ნაწილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის შრომითი დავა მის სასარგებლოდ დასრულდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა აღიდგინა თავისი დარღვეული უფლებები და კვლავ მიეცა შესაძლებლობა, გააგრძელოს თავისი პროფესიული საქმიანობა. 

ლ. ა. 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. თავდაპირველად იგი მიწვეულ იყო სრული პროფესორის თანამდებობაზე, შესაბამისად კითხულობდა ლექციებს და პრაქტიკულ კურსს. იმ მიზეზით, რომ შრომითი ურთიერთობის პერიოდში ლ. ა. ცდილობდა, დაეცვა თავისი უფლებები და არ ერიდებოდა სამსახურში არსებული პრობლემების ღიად და საჯაროდ დაფიქსირებას, ხელმძღვანელი პირის მხრიდან 2013 წელიდან დაიწყო   მისი პროფესიული და შრომითი უფლებების მხრივ შევიწროება სხვადასხვა ფორმებით.  საბოლოოდ 2020 წლიდან ლ. ა.-ს აღარ გაუფორმდა ხელშეკრულება და აღარ მისცეს შესაძლებლობა, გაეგრძელებინა თავისი პროფესიული საქმიანობა. 

„მთავარი არხის“ დაცვის თანამშრომელზე თავდამსხმელმა დანაშაული აღიარა და პროკურატურას სასჯელზე შეუთანხმდა
ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენდა ტელევიზია „მთავარი არხის“ დაცვის თანამშრომლის, ვ.ვ.-ის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. 

2022 წლის 17 ივნისს ვ.ვ. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას „მთავარი არხის“ ეზოში, სადაც მოულოდნელად შევიდა „ტოიოტა პრიუსი“ უკუსვლით. ვ.ვ. მიუახლოვდა ავტომობილის მძღოლს, რათა გაერკვია, ვისთან იყო მისული, რაზეც მძღოლმა, რომელიც  სავარაუდოდ  იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, აგრესიულად უპასუხა: „ჩემი უბანია და ჩემს ტერიტორიაზე ვარ. სადაც მინდა, იქ მივალ“. ვ.ვ.-მ მოუწოდა მძღოლს, დაეტოვებინა „მთავარი არხის“ ტერიტორია, რის შემდეგაც აგრესიული მოქალაქემ წავიდა, მაგრამ ვ.ვ.-ს დაემუქრა - დამელოდე, მალე მოვალო. მართლაც, ცოტა ხანში კვლავ დაბრუნდა „მთავარი არხის“  შენობასთან და იგინებოდა ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ასევე - თანამშრომლების, მათ შორის - ვ. ვ.-ს მისამართით. მან გასაშლელი ჯიბის დანა ამოიღო და რამდენჯერმე მოუქნია ვ.ვ.-ს, რა დროსაც მიაყენა მცირედი დაზიანება მარცხენა ხელის არეში. თავდამსხმელი რამდენჯერმე გაიყვანეს „მთავარი არხის“ ტერიტორიდაან, მაგრამ კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბოლოს მან ავტომობილი დააჯახა „მთავარი არხის“ ჭიშკარს, დააზიანა ჭიშკრის მარცხენა ფრთა და შლაგბაუმი. ამის შემდეგ იგი დააკავა საპატრულო პოლიციამ და გადაიყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება  ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურასა და სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულთან, დაზარალებულის თანხმობით.  საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და უთანხმდება პროკურატურას სასჯელზე. ბრალდებულის მიმართ, მხარეთა შეთანხმებით, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

საპროტესტო აქციის მონაწილეს ჯარიმა არ დაეკისრა
ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა ი. რ.-მ, რომელსაც  შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ჩადენილ ქმედებას. კერძოდ, თბილისში, ხელოვნების მუზეუმთან, მიმდინარეობდა საპროტესტო  შეკრება. მოქალაქეები აპროტესტებდნენ ანჩისხატის გადატანას მუზეუმიდან. ხატის გადატანისას აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პროტესტის ნიშნად, დაუწვა  მიკროავტობუსს, რითაც გადაჰქონდათ ხატი. ი. რ.  ცდილობდა  მიკროავტობუსის ქვეშ დაწოლილი  აქციის მონაწილის გამოყვანას, რათა  მიკროავტობუსს არ გადაევლო მისთვის, რა დროსაც პოლიციამ ი.რ. დააკავა პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის.

2022 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ი.რ.-ს  ადმინისტრაციული  საქმის განხილვისას, პოლიციამ წარმოადგინა ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანდა მხოლოდ ი. რ.-ს დაკავება. ჩანაწერებში  არ ჩანდა პოლიციის მხრიდან  რაიმე სახის მოწოდება ან მოთხოვნა ი. რ.-ს  მიმართ.  სასამართლომ ი.რ. არ დააჯარიმება, რასაც ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და მხოლოდ სიტყვიერი საყვედური გამოუცხადა.

სასამართლომ შრომით დავაზე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებები ბათილად ცნო
2022 წლის 4 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკის მინისტრის ბრძანებები დ.გ.-სა და დ.ჩ.-ს თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა სამინისტროს გარემოებათა სრულყოფილი კვლევის შემდეგ ახალი ბრძანებების გამოცემა. დასაქმებულთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დავა გრძელდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ეკონომიკის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

დევნილი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი
2022 წლის 7 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა დევნილი ე.ზ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი, გაუქმდა სააგენტოს უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და დაევალა ამავე სააგენტოს დევნილი ე.ზ.-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ე.ზ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სეტყვით შედეგად დაზარალებული მოქალაქე სუბსიდიას მიიღებს
2022 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს საჩივარი სეტყვის შედეგად დაზარალებული ხ.ი.-ს მიმართ. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც სრულად დაკმაყოფილდა სეტყვის შედეგად დაზარალებული ხ.ი.-ს სარჩელი და სააგენტოს დაევალა მისთვის გამოყოფილი სუბსიდიის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ხ.ი. წარმოადგენდა სეტყვის შედეგად დაზარალებულ პირს, სააგენტომ მას დაუსაბუთებლად უარი განუცხადა გამოყოფილი კომპენსაციის გაცემაზე, რაზეც ხ.ი.-მ წარადგინა ადმინისტრაციული სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში. მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სასამართლომ სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა
ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს იორდანის მოქალაქე  ფ.ხ. ა.ა.-ის სამართლებრივ ინტერესებს. 2022 წლის 31 მაისს ფ.ხ.ა.ა.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს  და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  სერვისების განვითარების სააგენტომ  2022 წლის 29 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ფ.ხ. ა.ა.-ის  უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უარის მიზეზად მიუთითა  უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის  „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები რაც გულისხმობს  ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა  ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; გ) იგი ახორციელებს  საქმიანობას, რომელიც  საფრთხეს უქმნის  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. 

დასკვნა გაცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ასეთი დასკვნები უმეტესწილად ბლანკეტურად გაიცემა და დევს მსგავსი კატეგორიის საქმეებში. დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსამართლეს აქვს. 

2022 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფ.ხ. ა.ა.-ის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად ცნო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი ფ.ხ. ა.ა.-ის  მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და დაევალა სერვისების განვითარების სააგენტოს საქმის შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა.  
 
დავა, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა, მორიგებით დასრულდა
2022 წლის 25 ივლისს მხარეთა მორიგებით დასრულდა დავა ო.გ.-სა და ლ.გ.-ს შორის. ო.გ. დავობდა, რომ მას გამსესხებელმა ლ.გ.-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ხელი მოაწერინა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. ო.გ. ითხოვდა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ლ.გ. კი ო.გ.-ს გამოსახლებას ითხოვდა ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან. 2012 წლიდან მომდინარე დავა გადაწყდა მხარეთა მორიგებით, კერძოდ მხარეებმა გააფორმებს სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ლ.გ.-მ შეთანხმებული თანხის სანაცვლოდ ო.გ.-ს შვილიშვილს მ.გ.-ს საკუთრებაში დაურეგისტრირა სადავო სახლი. ო.გ.-ს ინტერესებს 2016 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სხვადასხვა:
    ივლისის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამომძიებელს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მკაცრი გაფრთხილება მისცა. მოქალაქე მ. ა. თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე რეაგირების  მიზნით, მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას დახვდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც არ აღმოუჩინა შესაბამისი კვალიფიციური დახმარება. ფაქტზე პოლიციის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

    2022 წლის  5 აგვისტოს   თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული  საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, მტკიცებულებათა არქონის გამო, შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე თ.ნ.-ს მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თ.ნ.-ს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენას, კერძოდ - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას.
სიახლეები