სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე

13.10.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს, რასაც იგი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. მისი ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით კი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებისადმი მიმართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მათ სწორ შეფასებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების სათანადო გააზრებისთვის, რაც განსაკუთრებულ ხასიათს იძენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე. ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის კრიტერიუმებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით არაერთხელ შეფასდა ექსპრეზიდენტის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მიერ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არის აღქმული. 

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, ასევე, იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რაც, მათ შორის, მოიცავს გარესამყაროსთან ურთიერთობის ინსტრუმენტებთან წვდომაზე უფლების შეზღუდვას, კერძოდ, საკანში ტელევიზორის უქონლობას, რაც რამდენიმედღიანი  მოთხოვნის შემდეგ გადაეცა მას. ადვოკატების მხრიდან, ასევე გავრცელდა ინფორმაცია საკანში ლეიბის არქონის შესახებ, რაც მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციის მიერ უარყოფილ იქნა. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სააკაშვილის იზოლირებისა და გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესების ანდა შესაბამისი პირობების დროულად არშექმნის ფაქტები შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ სტატუსს. ევროპის საბჭოს „პოლიტიკური პატიმრის” დეფინიციის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ამ საკითხს ეხება: პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პირი იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამასთან, წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის: სისხლის სამართლის საქმეებზე გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რომლებიც წლებია მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლების და პრემიერ-მინისტრის განცხადებები სააკაშვილის მიმართ სასჯელის დამატებაზე, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებაზე. ასევე, ამას მოწმობს განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების არაერთი ფაქტი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან ახორციელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რომელთა შორის არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არსებობს, რომელთაგან ორზე იგი მსჯავრდებულია, ხოლო ორზე - ბრალდებული. სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა:

• მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სამართალწარმოება გაჭიანურებულია და ხელყოფილია ბრალდებულის უფლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და გონივრულ ვადაში საქმის განხილვის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
•    ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, რომელთა წარმოებაც თითქმის 7 წელია დაწყებულია, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სასამართლო სხდომების გაჭიანურება, რაც ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, ზოგადად, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და არღვევს გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების მოთხოვნას. გონივრულ დროში გასამართლების უფლება ათავისუფლებს სასამართლო პროცესის მოლოდინში მყოფ პირებს ხანგრძლივი გაურკვევლობისგან. გარდა ამისა, ეს უფლება ბრალდებულის თავისუფლების შემზღუდველი იმ ღონისძიებების მინიმიზაციას უწყობს ხელს, რომლებიც სასამართლო განხილვის მიზნებისთვის გამოიყენება.
•    მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის საქმეთა არსებითი განხილვის შეყოვნებები ხელს უწყობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას და პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე. 
•    ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, მუდმივად კეთდება სხვადასხვა სახის მადესკრიდიტებელი განცხადება, რითაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები