საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყოფილი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) უჩა ნანუაშვილის დაბარებას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE) კომუნიკაციის გამო, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:
„ცნობილი უფლებადამცველის, უჩა ნანუაშვილის, დაბარება ეუთო-ს ექსპერტთან მისი სავარაუდო თანამშრომლობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება „კუდიანებზე ნადირობას“ აწყობს და დევნის მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელს. დარღვევების აღმოფხვრის ნაცვლად, ხელისუფლება დევნის მათ, ვინც ამ დარღვევებზე საუბრობს, რაც შემაკავებელი ეფექტის მიღწევას ემსახურება. ასეთი დევნა თავისთავად ადასტურებს ეუთო-ს ანგარიშის დასკვნების სისწორეს.“
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უფლებადამცველების დაშინება და უზრუნველყოს მათი უფლება, თავისუფლად, რეპრესიების შიშის გარეშე იურთიერთონ საერთაშორისო უფლებადაცვით მექანიზმებთან.“
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უფლებადამცველების დაშინება და უზრუნველყოს მათი უფლება, თავისუფლად, რეპრესიების შიშის გარეშე იურთიერთონ საერთაშორისო უფლებადაცვით მექანიზმებთან - დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე
საკითხის ისტორია
17 მარტს უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მისი კომუნიკაციის გამო ექსპერტთან, რომელიც მონაწილეობდა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმში“ – პროცედურაში, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დანიშნონ დამოუკიდებელი ექსპერტები იმისათვის, რომ გამოიძიონ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები სხვა წევრ სახელმწიფოში, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მოამზადონ შესაბამისი ანგარიშები.
დაბარება მოჰყვა 12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ეუთო-ს მომხსენებელმა მოამზადა და რომელშიც ხაზგასმულია „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“ საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, მათ შორის გამოთქმულია შეშფოთება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის სავარაუდო გამოყენების და პირთა უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით დაკავების თაობაზე.
ანგარიში მოიცავს რეკომენდაციას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი და გაუქმდეს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან. საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, უარყვეს აღნიშნული დასკვნები და მათ მიკერძოებული შეფასებები უწოდეს. უჩა ნანუაშვილის დაბარება უახლესი მაგალითია იმ შემაშფოთებელი ტენდენციისა, როდესაც მკვლევრებსა და უფლებადამცველებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ან კომენტარებს აკეთებენ, დასაკითხად იძახებენ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში. გარდა ამისა, ეს ხდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ორგანიზაციებზე მზარდი წნეხის ფონზე, რომლებსაც სულ უფრო მეტად უზღუდავენ ოპერირების სივრცეს, რაც ბოლო პერიოდში გამოიხატა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების პროგრამის შეწყვეტით და კანონებით, რომლებიც თვითნებურად ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას სამოქალაქო საქმიანობისთვის.