სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით

08.12.2025
ფონტის ზომა

2025 წლის 16 ოქტომბრის კანონით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ასევე კოდექსს დაემატა ახალი 3533 მუხლი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის ახალი რედაქცია ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისათვის, რომლებიც განმეორებით ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილება ძირითადად მიმართულია პროევროპული საპროტესტო აქციების იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს პროტესტის ნიშნად თბილისში კეტავენ რუსთაველის გამზირს ანდა იფარავენ სახეს ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით (მაგალითად - პირბადით). სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არაერთგზისობის შემთხვევაში გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი, 3533-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისათვის, რომლებიც განმეორებით ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ესე იგი განმეორებით ჩაიდენენ პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ მას. სასჯელის სახედ და ზომად აქაც გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არაერთგზისობის შემთხვევაში გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის, ასევე -  შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების უხეშ დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმების ხასიათი და სიმძიმე არის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია, როდესაც ხდება [გამოხატვის თავისუფლებაში] ჩარევის პროპორციულობის შეფასება დასახულ მიზანთან მიმართებაში (Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 146). სადაც აქციის მონაწილეების მიმართ დაწესებული სანქციები კრიმინალურია ბუნებით, საჭიროა განსაკუთრებული დასაბუთება (Rai and Evans v. the United Kingdom (dec.), 2009). მშვიდობიანი დემონსტრაცია, პრინციპში, არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივი სანქციის მუქარას (Akgöl and Göl v. Turkey, 2011, § 43) და განსაკუთრებით - თავისუფლების აღკვეთას (Gün and Others v. Turkey, 2013, § 83). 

გამოყენებული ღონისძიების პროპორციულობის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი „მსუსხავი ეფექტი“. კერძოდ, შეკრების წინასწარმა აკრძალვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მონაწილეებს მასში მონაწილეობისგან (Christian Democratic People’s Party v. Moldova, 2006, § 77). ზომებმა, როგორიცაა - ძალის გამოყენება შეკრების დასაშლელად, მონაწილეთა დაკავება ანდა შემდგომი ადმინისტრაციული დევნა, შეიძლება გავლენა იქონიოს მსგავს შეკრებებში მონაწილეობაზე მომავალში (Balçık and Others v. Turkey, 2007, § 41). „მსუსხავი ეფექტი“ ავტომატურად არ იხსნება მაშინაც კი, თუ აღსრულების ღონისძიება შეცვლილი იქნება, მაგალითად, თუ ჯარიმები მოგვიანებით გააუქმეს სასამართლოებმა (The United Macedonian Organization Ilinden and Ivanov v. Bulgaria, 2005, § 135).

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები (ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჯარიმების ფაქტობრივად გაათმაგება, ხოლო შემდეგ ამ სამართალდარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამოყენება) წარმოადგენს „მსუსხავ ეფექტს“, რაც გათვლილია საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებზე, რათა მათ ხელი შეეშალოთ შეკრებაში მონაწილეობაში და ამით უარი თქვან გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე. ფაქტია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო უკვე არაერთი პირის მიმართ გამოწერილია რამდენიმე ასეული ათასის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა, დაწყებულია აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე უკვე არაერთი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივ დევნა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მათი სამართალდამრღვევად ცნობა და ჯარიმის ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, როგორც წესი, ეფუძნება მხოლოდ პოლიციელთა მიერ სასამართლოსათვის მიცემულ არადამაჯერებელ ჩვენებას. სასამართლო არ ითხოვს და არ იკვლევს სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებს. ამ პირობებში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება სამართალდარღვევის „განმეორებით“ ჩადენაზე, რაც ასევე დაფუძნებული იქნება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე, გამოიწვევს აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი სანქციების დაკისრებას დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პარლამენტს, გააუქმოს ბოლო პერიოდში როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რათა საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის, ისე შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სიახლეები