სიახლეები

5-6 ივლისის ძალადობრივ ქმდებებზე პასუხისმგებელი პირები ერთი წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან - ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

05.07.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ორგანიზატორებისა და ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი ყველა სავარაუდო პირის იდენტიფიცირება და პასუხისმგებლობის დაკისრება. 

ერთი წელი გავიდა 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან, როდესაც “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს, წინასწარი განზრახვით, თავს დაესხნენ, მიაყენეს ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა; მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

2021 წლის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც, 2021 წლის 11 ივლისს, საკუთარ სახლში, ღამით გარდაიცვალა. 

სამწუხაროდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. არ მომხდარა საჭირო რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზება, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის ნაცვლად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის.

რაც შეეხება მეორე დღეს - 6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართული მდუმარე აქციის პარალელურად შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების გათვალისწინებით, ადგილზე წარმოდგენილ სამართალდამცავთა რაოდენობა, განსაკუთრებით - აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდგომაც, იყო არასაკმარისი. ამიტომ პოლიციის კორდონები რამდენჯერმე გაარღვიეს კონტრაქციის მონაწილეებმა, შეაღწიეს ხალხის მასაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციის მონაწილეებს. ამ ძალადობრივ ფაქტებზე სამართალდამცავები ცდილობდნენ რეაგირებას და რამდენჯერმე შეძლეს კორდონის შიგნით შეღწეული ადამიანების გაყვანა ან/და დაკავება. მიუხედავად ამისა, პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის გათვალისწინებით და კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიულობის გამო, სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა აქციის მონაწილეთა ადგილზე დარჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებზე გამოძიება დაიწყო და სამართლებრივი შედეგებიც დადგა, ამ დროდე არ გამოვლენილან ძალადობის ორგანიზატორები და არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

საქართველოს ხელისუფლებას: 
●  ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების და მედიის წარმომადგენლებზე შტურმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას, ასევე - ამ ძალების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას; 
● ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. 
● პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, უზრუნველყოს პარლამენტის ბაზაზე მულტიფრაქციული საპარლამენტო კომისიის შექმნა და გაზარდოს პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით. 

საგამოძიებო ორგანოებს: 
● უზრუნველყონ საგამოძიებო პროცესის სრულყოფილი და ობიექტური წარმართვა, 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და ამ ქმედებების ორგანიზატორთა დადგენისა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორცილების მიზნით; 
● უზრუნველყონ სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად, 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებებისას, საპოლიციო ძალთა მობილიზების, აქციების მართვის და ძალადობის აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღების კონტექსტში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები