სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ

04.03.2022
ფონტის ზომა
დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.
 
საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.
 
ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.
 
ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სწორი და დროული განცხადებები და რეზოლუციები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სწორედ დღეს, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უნდა ვაჩვენოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, რომ საქართველოს ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადია და ყველაფერს ვაკეთებთ მის უზრუნველსაყოფად.
           
შესაბამისად,
 
  • საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
  • საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
  • საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
  • საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.
  1. ხელმომწერი ორგანიზაციები:

    სამოქალაქო იდეა
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  3. ღია საზოგადოების ფონდი
  4. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  5. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  7. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  10. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“
  11. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  17. მომავლის სკოლა
  18. თანასწორობა 17
  19. დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
  20. ფონდი „კავკასიური დიალოგი“
  21. გარდა ამისა, მიმართვას ხელს აწერს 150-ზე მეტი ფიზიკური პირი.
შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, რომელსაც 150-ზე მეტი ფიზიკური პირი და ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, მანამდე მომზადდა, ვიდრე მმართველი პარტია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის ოფიციალურად გაკეთების განზრახვის შესახებ საზოგადოებას ამცნობდა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების განცხადება პირველადი სახით ვრცელდება.  
 
სიახლეები