სიახლეები

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

13.01.2022
ფონტის ზომა
2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, წინასაახალწლო პერიოდში, რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები,  რომელიც ისეთ სენსიტიურ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა:  
1. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება;  
2. დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება;
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმება;
4. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახლებური მოწესრიგება.

ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან - ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად. ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია. 

ინიცირების ეტაპზე, კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა  და საერთაშორისო აქტორებმა,  აგრეთვე თავად მოსამართლეთა ნაწილმა.  მსგავსი ცვლილებების მიღება შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი საყოველთაო და საჯარო ფორმატში განხილვის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლო სისტემისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მეტი ინკლუზიურობითა და ღიაობით უნდა ხასიათდებოდეს. 

ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მივლინება ურჩ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მექანიზმად გამოიყენებოდა.  შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიების გაუარესებით მოქმედი ხელისუფლება მოსამართლეთა სამართავად იმავე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც სულ რამდენიმე წლის წინ თავადვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება 4 წლამდე. ამავდროულად, შესაძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიავლინონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. გარდა ამისა, უქმდება ტერიტორიულობის პრინციპი (რომლის თანახმადაც, კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის არანებაყოფლობითი მივლინება ხდებოდა ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მყოფი სხვა სასამართლოდან) და მისავლინებელი მოსამართლის წილისყრით შერჩევის მექანიზმი. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მივლინების საფუძვლები ფართოვდება და მოსამართლის ნებართვის გარეშე (ფაქტობრივად, იძულებით) მისი სხვა სასამართლოში მივლენა შესაძლებელი ხდება ისეთი ზოგადი მოტივით, როგორიცაა მართლმსაჯულების ინტერესი. 

ერთ-ერთ სხვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩამონათვალთა შორის, რომელიც ცვლილებებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციის რისკებს ამცირებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა გახლდათ. თუმცა, განსახილველი ცვლილებებით ეს აკრძალვაც გაუქმდა. იმ პირობებში, როდესაც კრიტიკის მთავარი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაა, ასეთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობის ერთი და იმავე პირების მიერ განგრძობადად დაკავების დაშვება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ნდობის გასაზრდელად და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის აუცილებლობასა და არა-მოსამართლე წევრების ჩართულობის გაძლიერებაზე. შესაბამისად, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება, ცალსახად წინააღმდეგობაშია ამ სულისკვეთებასთან და  საბჭოში არა-მოსამართლე წევრთა ყოფნას კიდევ უფრო ნაკლებ შედეგიანს ხდის. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არა-მოსამართლე წევრის აურჩევლობის პირობებში, მოსამართლის დისციპლინირებისათვის ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერის საჭიროება დგას, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად შეიძლება ართულებდეს. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი ამ დრომდე უარს აცხადებს საბჭოში არა-მოსამართლე წევრების დანიშვნაზე, რისი მიზეზიც ისაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი საპარლამენტო მანდატები ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპარტიულად მისაღებად და აუცილებლად ესაჭიროება ოპოზიციური მხარდაჭერა. ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა დანიშნოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე პროფესიონალები, ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის შედეგადაც საბჭოს უბრალო უმრავლესობით შეეძლება მოსამართლეთა დისციპლინირება, ცდილობს სასამართლოს სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფისათვის შექმნილი დისკომფორტის მოხსნას.

ცალკე კრიტიკის საგანია ის, რომ კანონპროექტის ინიცირების პროცესი იმთავითვე გამოირჩეოდა დახურულობით და პარლამენტში მისი განხილვაც არასათანადო ჩართულობით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მინიმალურადაც კი არ ყოფილან ჩართულნი დარგის ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მოსამართლეები. აგრეთვე, კანონპროექტი აბსოლუტურად გაუმართლებლად, დასაბუთების გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა საკანონმდებლო ორგანომ, რა დროსაც უკიდურესად შეზღუდული იყო საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკომიტეტო მოსმენებზე მიეცათ მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, პროცესი არ იყო თანამშრომლობითი და კანონპროექტის განხილვაში საზოგადოება მხოლოდ ფასადურად იყო ჩართული. განხილვებმა ნათლად წარმოაჩინა მმართველი გუნდის მიერ კრიტიკული აზრის მიუღებლობა და ის, რომ არც ერთ პრინციპულ საკითხზე თუ დასმულ შეკითხვაზე, კანონპროექტის ინიციატორებს სიღრმისეული მსჯელობის არავითარი რესურსი და სურვილი არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს.
 
სიახლეები