განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხანდაზმულთათვის მიწების დროულად რეგისტრაციის თაობაზე

15.04.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს პროექტს  „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“.  მოხალისეებმა გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში პირდაპირი ვიზიტებისას გამოკითხეს 200-ზე მეტი ხანდაზმული, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოუგვარებელ პრობლემად დაურეგისტრირებელ მიწებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი სახელმწიფომ 2016 წლიდან დაიწყო, რეგიონში ჯერ კიდევ ბევრმა ოჯახმა ვერ შეძლო მიწის რეგისტრაცია. 

ქონების რეგისტრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და საკუთრების უფლების განმტკიცება მოქალაქისთვის. ქვეყანაში მოსახლეობა წლების მანძილზე ფლობს ქონებას, მაგრამ მისი იურიდიული რეგისტრაცია ისევ მოუწესრიგებელია. ხშირად მესაკუთრეებს დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მოქალაქეებს ხშირად უწევთ სასამართლო დავები, რათა დადგინდეს, რომელი კონკრეტული ადგილის (მიწის) მესაკუთრენი არიან. ეს კი დაკავშირებულია არა მხოლოდ მოქალაქეების ფინანსურ ხარჯებთან, არამედ სახელმწიფო ხარჯებთანაც (სასამართლოს ხარჯები, ადმინისტრაციული  თუ ადამიანური რესურსები). 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწის უფასოდ რეგისტრაციას - აზომვითი ნახაზები, საარქივო ცნობების არქივიდან გამოთხოვა, უფლების დამდგენი დოკუმენტის მოძიება, აღიარების კომისიისთვის მიმართვა. აღნიშნული სერვისების სარგებლობისას პოტენციურ მესაკუთრეებს  თავად არ უწევთ მომსახურების საფასურის გადახდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი დროში ძალიან გაჭიანურდა. ამ პერიოდში, შიდა ქართლში წარმატებით დარეგისტრირდა 81 209 (გორი - 35 266) (კასპი- 14922) (ქარელი  13 520) (ხაშური - 17 501) განცხადება. სულ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით შიდა ქართლში  დარეგისტრირდა 101 871 განცხადება (გორი - 44 250, კასპი - 19 090, ქარელი - 16887, ხაშური- 21 644 ). ერთი შეხედვით ეს მეტად შთამბეჭდავი ციფრი ვერ პასუხობს გამოწვევებს და მოთხოვნებს, ვინაიდან დასარეგისტრირებელი დარჩა კიდევ მრავალი მიწის ნაკვეთი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოკითხულ ხანდაზმულთა დიდი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ აქვს და სახელმწიფოსგან ამ კუთხით დახმარებას ითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიწის რეგისტრაციის საკითხი ყველაზე მეტად აწუხებთ  70-დან 90 წლამდე ასაკის ხანდაზმულ ადამიანებს. რეგისტრაციის პროცესში ხშირია ხარვეზები, რომლის აღმოფხვრისთვის საჭიროა იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის სააგენტოში დამატებით ვიზიტები (გადაფარვა, ზედდება, ტყის მასივის დაფარვა, საქარე ზოლის გადაფარვა, აღიარების კომიისთვის მიმართვის აუცილებლობა და სხვა). ეს პროცესები ხელმისაწვდომი არ არის იმ ხანდაზმული ადამიანებისთვის ვისაც ფიზიკური და ფინანსური სირთულეების გამო უჭირთ გადაადგილება. ასევე, საგულისხმოა, რომ სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს აზომვითი სამუშაოების წარმოებას და ხშირ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ფარავს ნახაზი მაგალითად  ტყის მასივს და სხვა.

ხანდაზმულები ხშირად ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მიწის რეფორმის პროექტის ფარგლებში არსებული სერვისებით, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხარვეზებს ადგენს ელექტრონულად და თუკი ეს ხარვეზი დროულად არ აღმოიფხვრა, შემდეგ წყვეტს წარმოებას. 

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე სრული ინტერნეტიზაციის არარსებობის და მასზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, ხანდაზმულმა ადამიანმა თავისუფლად და სრულად ისარგებლოს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს  საქართველოს მთავრობას:

  • მოახდინოს მეტი კოორდინაცია მიწის რეფორმის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ხარვეზების შემთხვევაში ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ჩართვას მოსარგებლე პირების ინფორმირების მიზნით.
  • ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატელეფონო კომუნიკაცია არა მხოლოდ მესიჯით ანდა ინტერნეტით, რადგან ხანდაზმულთა უმრავლესობა მესიჯებს ვერ კითხულობს და არ სარგებლობს ინტერნეტით.
  • დააჩქაროს და დროულად მოახდინოს რეფორმის განხორციელება, რაც განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებში საკუთრების უფლებას და წარმოშობს ნაკლებ სამართლებრივ დავას. 
  • მოხდეს ხანდაზმულთა განსაკუთრებული საჭიროებების, ადამიანური და მწირი  ფინანსური რესურსების გათვალისწინება და პროგრამა გახადოს  უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
განცხადებები