პრეს-რელიზი

აკრძალული უფლება - დროებითი კონსტრუქციებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების საკანონმდებლო სტანდარტები და პრაქტიკაში რეალიზაციის პრობლემები

25.03.2021
ფონტის ზომა
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას და კანონის უზენაესობას.

სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა  და დროებითი კონსტრუქციის (მათ შორის - კარვების) განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა. ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა გამოკვეთა, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე. 

წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ მომზადებულ ანგარიშებს. ცენტრის მონიტორინგის ქვეშ არსებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსება სამართალდამცავი ორგანოების მიერ იზღუდება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა 2021 წლის 19-20 თებერვლის აქციები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, როდესაც აქციების მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრანტებს კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს და 20-მდე სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ, დააკავეს . გასათვალისწინებელია, რომ ეს აქციები მიმდინარეობდა ფართო ტროტუარზე, ხელს არ უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, არ კეტავდა შენობის შესასვლელს და არც დაწესებულების საქმიანობას აფერხებდა. ამდენად, სრულად იყო დაცული შეკრების თავისუფლებით. ამასთან, ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიუთითებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილზე , როგორც ამ უფლების შეზღუდვის საფუძველზე მაშინ, როდესაც მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

აქედან გამომდინარე, განსახილველი საქმეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. აქ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომა, რომლის თანახმადაც, უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შესაფასებლად, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიღებისას და საქმის განმხილველმა სასამართლომ აუცილებელია, პირველ რიგში შეაფასოს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში აქციის მიმდინარეობისას კარვის განთავსების აკრძალვას.

აგრეთვე, წინამდებარე დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტის განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც შესაბამის ორგანოებს მოცემული საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება. იხ. სრული PDF ვერსია.
პრეს-რელიზი